ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები გადამზადდებიან. საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას განცხადებით, მათ ტრენინგები ჩაუტარდებათ. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
შპს “ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის” ერთი საქმიანობის ანგარიშის მოსმენაზე მან აღნიშნა, რომ მთავარი მოთხოვნაა, მძღოლები ყურადღებიანები იყვნენ, განსაკუთრებით კი შშმ პირების მიმართ. წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, უკვე არის გარკვეული შემოთავაზებები სხვადასხვა კომპანიებისგან. მერიის მიერ შეძენილი ავტობუსები შშმ პირებისთვისაც არის ადაპტირებული.
ამასთან, დაგეგმილია მძღოლებისთვის უნიფორმების შეკერვა.
შპს-ს წარმომადგენელმა ზაზა კუპრავამ თავის მხრივ განმარტა, რომ ქალაქში მოქმედ 23 გაჩერებაზე, ელექტრო ტაბლოიდები გაკეთდება, სადაც წაეწერება ტრანსპორტის ნომრები და გადაადგილების მიმართულებები. ამ საკითხთან დაკავშირებით, ტენდერი გამოცხადდება.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს, მომავალ წელს ავტობუსებში გადახდის სისტემის მოწესრიგებაზე.
ზუგდიდში მიმდინარე წლის ივლისში დაფიქსირდა შემთხვევა, როცა ეტლით მოსარგებლე განმუხურის ავტობუსის მძღოლმა ქუჩაში დატოვა, იმ მიზეზით, რომ პანდუსი გაეჭედა.
მას შემდეგ რაც ფაქტი “ლაივპრესმა” გააშუქა, ზუგდიდის მერიამ მოქალაქეს ბოდიში მოუხადა, მძღოლს კი საყვედური გამოუცხადეს.