“ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის” ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ხელფასების მოსამატებლად ბიუჯეტში საკმარისი თანხები არ იყო, ამიტომაც ეს ადამიანები ნახევარ განაკვეთზე მუშაობენ, რომ არსებული ანაზღაურების პირობებში მათ არ ჰქონდეთ სრული დატვირთვა. კერძოდ, სამუშაო დროის ხანგრძლივობა 11:30-ის ნახევრიდან 16:30-მდე პერიოდს მოიცავს.
დღეს სოფელში თანამშრომელთა ხელფასი 300 ლარია, ხელზე კი 240 ლარს იღებენ. ანაზღაურების 150 ლარით გაზრდა ითხოვა ციალა ფაცაციამ.
“ნახევარ განაკვეთზე მომუშავე უფროსი არსად არ არის. ნუ ვიქნებით უფროსები. არ გექნებათ 300 ლარი, რომ მოგვიმატოთ? მაშინ ჩვენ გვერქვას მთავარი სპეციალისტი. ვიქნებით რულ საშტატო ერთეულზე ვიქნებით. ხელზე ასაღები იქნება 360 ლარი”, – მიმართა წინადადებით მან შეკრებილებს.
ბიბლიოთეკარმა საკრებულოს თავმჯდომარესაც უსაყვედურა, ერთი წლის წინ გაგზავნილ წერილზე უპასუხობის გამო. თქვა, რომ “საზოგადო პრობლემის” შესახებ იტყობინებოდა, თუმცა როგორც ჩანს, “თქვენ ვერ მიიტანეთ ეს გულთან”, – მიმართა წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელს.
მამუკა წოწერიამ აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკარის წინადადება, სპეციალისტები ერქვათ სოფლად და ანაზღაურებაც გაეზარდოთ, განხილვის საგანი უნდა გახდეს. მისივე განმარტებით, დაბალი ხელფასი დღეს ერთადერთი პრობლემა არ არის. ამიტომაც, ყველაფერს ერთდროულად ვერ გაწვდებიან. შესაბამისად, შეზღუდული ფინანსების პირობებში უნდა განსაზღვრონ, რა არის დღეს ბიბლიოთეკებისთვის პრიორიტეტი, ინფრასტრუქტურა, ხელფასები თუ წიგნები.
მანვე განმარტა, რომ თუ გადაწყვეტენ, ბიბლიოთეკა იყოს სოფელში და ის სრულყოფილად ასრულებდეს თავის ფუნქციას, ქალაქს და სოფელს შორის განსხვავება უნდა აღმოიფხვრას და “სამართლიანობა აღდგეს”.