ჯავახეთში სოფლის არასწორი სახელწოდებები კვლავ პრობლემად რჩება

1258

ჯავახეთში, აბრებზე დატანილი სოფლის სახელწოდებები კვლავ შესაცვლელია. დასახლებათა უმრავლესობაში ჯერ კიდევ არ ჩაუნაცვლებიათ ძველი სახელები ენის კომიტეტის მიერ დადგენილი ვერსიებით. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გასასწორებელია 14 სოფლის სახელწოდება, ნინოწმინდაში კი – 10. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 64 სოფლიდან 14-ში, ხოლო ნინოწმინდაში 31-დან 10 დასახლების სახელწოდება შესაცვლელია.

ფილოლოგები ამბობენ, რომ აბრებზე სახელები შეცვლილია და ისინი ქართულ ტოპონიმებს არ ჰგავს.

საკითხის შესახებ, დაახლოებით ერთი წლის წინ სოციალურ ქსელში ახალქალაქში მცხოვრებმა, პუბლიცისტმა კუკური მეტრეველმა დაწერა. რის შემდეგაც, საქმეში სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაცია და სახელმწიფო ენის პალატა ჩაერთო.

„გუბერნიაში უკვე რამდენიმე თვეა მისულია ენის სახელმწიფო კომიტეტის მიერ გაგზავნილი რეკომენდაციები და დამპირდნენ, რომ მუნიციპალიტეტების მერიებს დაავალებდნენ, შესაფერის დროს განიხილავდნენ და გადაწყვეტდნენ ამ პრობლემას, რადგან საჯარო რეესტრს სოფლების დასახელებების გასწორება შეუძლია მხოლოდ ადგილობრივი მერიების წარდგინებით“, – ამბობს კუკური მეტრეველი.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ საკითხის შესასწავლად მათ სახელმწიფო ენის კომიტეტი ჩართეს, რის შემდეგაც აბრების შეცვლა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დაიწყო.

„ჩავრთეთ ენის პალატა, მათ შეისწავლეს საკითხი და გადმოგვიგზავნეს არამხოლოდ ახალქალქისა და ნინოწმინდის სოფლების დაზუსტებული სახელწოდებები, არამედ მთელი რეგიონის. დაზუსტებული სახელები მუნიციპალიტეტებს გადავუგზავნეთ. ეტაპობრივად დაიწყო მათი შესწორება საავტომობილო გზების დეპარტამენტმა“, – განმარტავენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ მათ სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან სოფლების დაზუსტებული სახელწოდებები არ მიუღიათ, შესაბამისად, არც რეესტრისთვის მიუმართავთ შეცდომების გასასწორებლად.

„ჩვენთან გუბერნიისგან დაზუსტებული სახელების სია არ მოსულა. ჩვენთვის კი არ უნდა მოემართათ, ისინი საჯარო რეესტრს თვითონ მიმართავდნენ შესასწორებლად“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იური უნანიანი.

რაც შეეხება ნინოწმინდის სოფლებს, მერი, ანივარდ მოსოიანი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში ასეთი პრობლემა არ ყოფილა: „ჩვენთან არ არის დაფიქსირებული არასწორი ბანერები. ეს ჩვენ არ გვეხებოდა, ალბათ ახალქალაქს ეხება“.

პუბლიცისტი კუკური მეტრეველის თქმით, სახელწოდებები, რომლებიც ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ, მერაბ ბერიძესთან და ენის სახელმწიფო კომიტეტთან ერთად დაზუსტდა, მოიცავს, როგორც ახალქალაქის, ასევე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს და მთლიანობაში გასასწორებელია 24 სოფლის დასახელება. მათ ნაწილში პრობლემას სახელწოდებების დაბოლოება წარმოადგენს, ნაწილში ბგერის ცვლილება, რამდენიმე სოფელს კი ძველი ტოპონიმი აღარ აქვს.

სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მარინა გაჩეჩილაძის განმარტებით, ენის კომიტეტმა უკვე არსებული სახელების სწორი ფორმები გადააზუსტა: „საუბარი ეხებოდა სოფლების დაბოლოებებს და არა მათი ძველი სახელწოდებების აღდგენას. ეს კიდევ სხვა მხარეა. დასახელებების ბოლო ნაწილები იყო შეცვლილი ან გადაშლილი“.

შეცდომით დაწერილი ბანერების ნაწილი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიმდინარე წლის ივლისში შეცვალა. მეტრეველის თქმით, ამ ეტაპზე, მხოლოდ ხუთი სახელწოდება შეიცვალა:

„ახალქალაქში საგზაო ნიშნებზე გაასწორეს მხოლოდ სამი: ზაკვი, ბოჟანო და კაჭიო, დადეშის და მაჭატიის უკანონო ტრაფარეტები მოხსნეს. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გასასწორებელია 10 სოფლის დასახელება. ტრაფარეტზე გაასწორეს მხოლოდ: მამწვარა და უჯმანა“.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია არამხოლოდ ბანერების ცვლილება, არამედ სოფლის სახელების საჯარო რეესტრში სწორი ფორმით დარეგისტრირება: “ჯავახავტოგზის” უფროსი, [კომპანია, რომელსაც დეპარტამენტისგან აბრების შეცვლა დაევალა] მპირდება, რომ სხვებსაც გაასწორებს ეტაპობრივად, მაგრამ ეს არ კმარა. მთავარია საჯარო რეესტრში გასწორდეს ბოლო წლებში შეცდომით დარეგისტრირებული ამ სოფლების სახელები“, – ამბობს მეტრეველი.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე პრობლემად რჩება შემდეგი სოფლის სახელწოდებები:

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი:

ღადოლარი – უნდა იყოს – ღადო
მაჯადია – უნდა იყოს – მაჭატია
ჩამდურა – უნდა იყოს – ჩამძვრალა
ზაკი – უნდა იყოს – ზაკვი
თირკნა – უნდა იყოს – დირყნა
კულიკამი – უნდა იყოს – გულიკამი
ფილიპოვკა – უნდა იყოს – ძველი კარწახი
ალათუმანი – უნდა იყოს – ალათუბანი
ბეჟანო – უნდა იყოს – ბოჟანო
კოჩიო – უნდა იყოს – კაჭიო
მოდეგამი – უნდა იყოს – მოდეგა
სირკვა – უნდა იყოს – სირქვა
ზრესი – უნდა იყოს – ზრესკი
დავნია – უნდა იყოს – დაბნია

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი:

განძა- უნდა იყოს – განძანი
კალინინო – უნდა იყოს – სამება
მამზვარა – უნდა იყოს – მამწვარა
უჩმანა – უნდა იყოს – უჯმანა
ოროჯოლარი – უნდა იყოს – ორაჭალა
სათხა – უნდა იყოს – სათხე
ასპანა – უნდა იყოს – ასფარა
რადიონოვკა – უნდა იყოს – თავფარავანი
ტამბოვკა – უნდა იყოს – შაორი
ვლადიმიროვლკა – უნდა იყოს – მახარონი

„ეს საკითხი თუ თაროზე შემოიდო, შეიძლება თავიდან გახდეს დასაწყები“, – ამბობს მეტრეველი.