ახალქალაქში, ასპინძასა და ადიგენში საახალწლო აქსესუარების შეძენასა და მორთულობაზე ტენდერები გამოცხადდა

415

სამცხე-ჯავახეთში სამმა მუნიციპალიტეტმა 2022 წლის შესახვედრად საახალწლო აქსესუარები შესყიდვაზე, განათებებისა თუ ნაძვის ხის მონტაჟსა და დემონტაჟზე ტენდერები ჯამში 58 471 ლარზე გამოაცხადა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ყველაზე მეტი თანხა 40 000 ლარი, ახალქალაქის მერიამ გამოყო. მუნიციპალიტეტი ახალ განათებებს და მორთულობებსაც შეიძენს. ტენდერის პირობების მიხედვით, მიმდინარე წლის 25 დეკემბრამდე უნდა დამონტაჟდეს ნაძვის ხე და მოირთოს როგორც არსებული, ასევე ახალი დეკორაციებით.

ახლა ტენდერი შერჩევა–შეფასების ეტაპზეა, მასში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, ინდმეწარმე, ლაშა კვარაცხელია იღებს მონაწილეობას. მან მუნიციპალიტეტს სამუშაოების შესრულება ზუსტად 40 000 ლარად შესთავაზა. წინადადების მიღება უკვე დასრულებულია.

ასპინძის მუნიციპალიტეტმა საახალწლო აქსესუარების შესყიდვაზე ტენდერი 11 321 ლარზე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ასპინძა მანათობელ დეკორაცია, ბოძზე მისამაგრებელ ზარს, ანგელოზის გამოსახულებას საყვირით და სხვა მანათობლებს შეიძენს.

რაც შეეხება ადიგენს, 2022 წლის შესახვედრად სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნაძვის ხის და საახალწლო გასანათებელი მოწყობილობების მონტაჟის/დემონტაჟის მომსახურებაზე ტენდერი 7 150 ლარზე გამოაცხადა. აქ წინადადებების მიღება 4 დეკემბერს დაიწყება და 6 -ში დასრულდება.