შსს: 26 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულია 28 ადამიანი, დაშავდა – 3

1082

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 26 ნოემბერს აქციის დაშლისას 28 ადამიანი დააკავეს, სამმა ადამიანმა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სპეცრაზმის გამოყენება იმის გამო მოხდა, რომ „აქციის მონაწილეებმა მითითებულ ვადაში არ გაათავისუფლეს საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ ბლოკირებული შესასვლელები“.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები/მონაწილეები გააფრთხილეს და მათ მისცეს გონივრული ვადა, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი.

აქციის მონაწილეებმა მითითებულ ვადაში არ გაათავისუფლეს საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ ბლოკირებული შესასვლელები. შესაბამისად, აქცია გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს, კერძოდ, დაირღვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც კრძალავს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირებას, ასევე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები გათავისუფლებულია.

პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვას კანონის მოთხოვნები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 28 პირი.

სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სამმა მოქალაქემ. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი დახმარება გაეწიათ“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

26 ნოემბერს გამთენიისას სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელები პიკეტირებისგან გაათავისუფლა. ახლა ქართული ოცნების დეპუტატებს პარლამენტში შესვლა შეუძლიათ. როგორც ცნობილია, მათ გარდა, პარლამენტში პლენარულ სხდომაზე დასწრებას არავინ გეგმავს.

გასული 12 საათის განმავლობაში პოლიცია აქციის მონაწილეებს ხელს უშლიდა და ართმევდა შეშას და რკინის კასრებს, რომლითაც მათ ღამით გათბობა სურდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ვერსიით, ეს იყო კანონის მოთხოვნების შესრულება. ამ შეზღუდვას გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. მან განმარტა, რომ მსგავსი შეზღუდვა კანონიერი არაა.

ბოლო 10 დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა პოლიცია წყლის ჭავლის გამოყენებით აქციას შლის.

მანამდე, 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო. 18 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის 37 მონაწილე დააკავა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ პროტესტი ახალი ფორმა “მაინც დაგაბოქლომებთ” დაიწყეს. მათ სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებზე ბოქლომები დაადეს.

აქციიის მოთხოვნაა, 2020 წელს პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.