ვაჭრუკანული წინადადების იქით ვერ მიდის “ოცნება”, – ასე ეხმაურება “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი მმართველი პარტიის შემოთავაზებვას, რომლის მიხედვითაც 2020 წელს რიგ მაჟორიტარულ ოლქში “ოცნება” კანდიდატს არ დააყენებს.
მისი შეფასებით, ხელისუფლების განცხადება მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების საკითხზე „ფოჩიანი კანფეტებით ვაჭრობის მცდელობაა“.
“მე მგონია, პოლიტიკაში ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი დასაცავია ღირსება. “ქართული ოცნება”, სჯობს, დაუფიქრდეს ამ თავისი ბოლო წინადადების საკითხს და საკუთარი ღირსების ჭრილში გაატაროს, ჩემს ღირსებაზე ნუ ილაპარაკებენ. იმიტომ, რომ თუ ფოჩიანი კანფეტებით ცდილობენ ვინმეს მოხიბვლას, მაშინ იქნებ ეს ფოჩები კარგად მაინც შეფუთონ იმიტომ რომ, უყურეთ: “ყველა “ნაცები” არიან, ვინც “ოცნებას” არ ეთანხმება და ვინც “ნაცი” არ იქნება, ჩვენ მას მივეხმარებით, არჩევნებში არ დავუყენებთ კანდიდატსო”. ასეთი ვაჭრუკანული წინადადებების იქით ვერ მიდის “ოცნება” და ეს არის სწორედ უბედურება”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილის თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობს, სამართლიანი, ღირსეული და ვაჟკაცური შეჯიბრის გამართვას, ხელისუფლება კი ამბობს, “ვინც გაიყიდება, იმათ ვიყიდითო”.
როგორც მან აღნიშნა, ეს საუბრის სახელისუფლო სტანდარტი არ არის.
„ჩვენ სამართლიან არჩევნებზე და სამართლიან კონკურენციაზე ვსაუბრობთ და არა იმაზე, რომ – ბიძინა ივანიშვილო, იქნებ მე ან სხვებს რამე ისეთივე მოგვიკვარახჭინო, რაც სალომე ზურაბიშვილს მოუკვარახჭინე მთაწმინდის ოლქში თავის დროზე, მერე საპრეზიდენტო არჩევნებში და ასე ვიღაც სადღაც გაამწესე. ჩვენ გვინდა სამართლიანი, ვაჟკაცური შეჯიბრი, რომელსაც გამარჯვებული ჰყავს. რაზე გველაპარაკება ხალხი, რომელსაც ქვეყანა აბარია“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
ცნობისათვის, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული წესით ჩატარდება. ასევე თქვა, რომ 2020 წლის არჩევნებში “ქართული ოცნება” მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს იმ ოლქებში, სადაც “ნაციონალური მოძრაობის”ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა” დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების “რეალური შანსი”.
მანამდე, 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო. პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა.
აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ პროტესტი ახალი ფორმა “მაინც დაგაბოქლომებთ” დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ.
აქციიის მოთხოვნაა, 2020 წელს პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. უმრავლესობის სხდომოს პარალელურად საპროტესტო აქცია იმართებოდა “ქართული ოცნების” ოფისი წინ.
სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია დღეს, 25 ნოემბერს, 19:00 საათზე აქციას გამართავს, რის შემდეგაც, პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. აქტივისტები სამშაბათის პლენარული სხდომის ჩაშლას აპირებენ.