ხელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 6 აქტივისტი დააკავა. მოძრაობა „გაბედეს“ წევრების გარდა, აქციაზე დააკავეს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი. დაკავებულებს შორის არიან „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” წევრები, ნიკა და ბექა პეტრიაშვილები.
აქციის მონაწილეებმა არაერთხელ სცადეს სუს-ის შენობის შესასვლელის ბლოკირება. ამის შემდეგ ისინი გადავიდნენ ვაჟა-ფშაველას ცენტრალურ გამზირზე გზის გადაკეტვის მიზნით, რასაც „გაბედეს“ აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოჰყვა.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
დღეს, 22 ნოემბერს, მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტებმა “ქართული ოცნების” დეპუტატს, მერაბ ქვარაიას, რომელმაც სრულად პროპორციულ რეჟიმზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.
შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.
შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა. მათ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ნაწილის სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა.
აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ პროტესტი ახალი ფორმა “მაინც დაგაბოქლომებთ” დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე “დააბოქლომეს” პროკურატურა და მთავრობის კანცელარია.
დღეს დილიდან “ევროპულმა საქართველომ” რეგიონებში მაჟორიტართა ბიუროების ოფისებზე სიმბოლური ბოქლომის დადების აქციაც დაიწყო და რამდენიმე მაჟორიტარის ბიუროს ოფისის კარებზე სიმბლლური ბოქლომები დაკიდეს, ასევე გააკრეს სტკერები წარწერით – “დალუქულია”.