ხმაური იყო წყალტუბოშიც, სადაც ,,ნაციონალური მოძრაობისა” და ,,ევროპული საქართველოს“ საკრებულოს წევრებს მაჟორიტარი დეპუტატის კაბინეტზე ბოქლომის დადება სურდათ. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ოპოზიციამ საკრებულოს ბოიკოტი გამოუცხადა და დღეიდან სხდომებს აღარ დაესწრებიან.
წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი აცხადებს, რომ დილიდან ბიურო მოქალაქეებს ჩვეულ რეჟიმში იღებდა, თუმცა ოპოზიციამ პროვიკაცია სცადა. ვითარება სამართალდამცველებმა განმუხტეს. დეპუტატის ბიუროსთან ახლა სიმშვიდეა.
ანალოგიური აქციები დილიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა კვლავ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება და მთავრობის გადადგომაა. გარდა ამისა, ისინი პარლამენტთან დაკავებულებისთვის პატიმრობის მისჯას აპროტესტებენ.
შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. აქციის დაშლის დროს დაშავდა 4 მომიტინგე და 2 სამართალდამცველი.
შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა. დაკავებულების ნაწილს სასამართლომ გუშინ 3,5,7, 12 და 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სხვა დაკავებულების სასამართლო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
აქციის მთავარი მოთხოვნაა: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პროპორციული სისტემით და მთავრობის გადადგომა.