“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზს ბოქლომი დაადო.
“ისინი უნდა მიეჩვიონ, რომ ჩვეულებრივი დღის წესრიგით ვეღარ იმუშავებენ” – ამბობს ხაბეიშვილი.
მისი თქმით, საკრებულო მხოლოდ კალაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღმსრულებელი ორგანოა, თბილისის მერი კი “კომის ტბიდან დაგვცინის”, შესაბამისად, სხდომათა დარბაზის კარებზე ბოქლომი იქნება მანამ, სანამ მის მოხსნას ძალისმიერი გზებით არ ეცდებიან.
“ქაჯეთის ციხეა. იმ კალაძისთვის ხდება გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ასეთ დროს, როცა ქვეყანაში უკიდურესად დაძაბულია სიტუაცია, კომოს ტბაზე ისვენებს თანამდებობის პირებთან ერთად და მეტიც, ცინიკურად გვეუბნება, რომ თურმე ნაძვის ხის შესამოწმებლად წაიყვანა როგორც ელექტრიკი არჩილ თალაკვაძე, ასევე წულაია, ენუქიძე და ა.შ დაგვცინის კომის ტბიდან კახი კალაძე. შესაბამისად, საკრებულოს სხდომათა დარბაზი ჩაკეტილია და ასე იქნება მანამ, სანამ ძალადობრივი გზებით არ შევლენ. ყველგან ექნებათ დისკომფორტი, სადაც ისინი გადაადგილდებიან”, – თქვა ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა
აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ პროტესტი ახალი ფორმა “მაინც დაგაბოქლომებთ” დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე “დააბოქლომეს” პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთავრობის კანცელარია.
დღეს დილიდან “ევროპულმა საქართველომ” რეგიონებში მაჟორიტართა ბიუროების ოფისებზე სიმბოლური ბოქლომის დადების აქცია დაიწყო.