ოპოზიცია და აქციის ორგანიზატორები მიმდინარე კვირაში პარლამენტთან საპროტესტო აქციებს აღარ გეგმავენ, თუმცა ამბობენ, რომ მომდევნო დღეებში პერიოდულად ექნებათ სხვადასხვა აქტივობა, რის შესახებაც საზოგადოებას აცნობებენ.
ადგილზე ისევ რჩება 10-მდე კარავი. საავტომობილო გზა რუსთაველის გამზირზე გახსნილია.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ 25 ნოემბერიდან პარლამენტის პიკეტირება და პარლამენტის სხდომების ჩაშლა იგეგმება. მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა დიღმელაშვილის თქმით, ასეთი პიკეტირება ყოველ ორშაბათს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების გამო პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ 18 ნოემბერს წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. აქციის დაშლის დროს დაშავდა 4 მომიტინგე და 2 სამართალდამცველი.
შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის მონაწილე 37 პირი დააკავა. მათი სასამართლო პროცესები ამ დრომდე გრძელდება.
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია, დაშლის მიუხედავად, ისევ გრძელდება.
აქციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“.