პარლამენტის შესასვლელ ჭიშკარს ბოქლომი დაადეს და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები შემოახვიეს

461

ოპოზიციის წარმომადგენლებმა, კერძოდ კი გიორგი ვაშაძემ პარლამენტის შესასვლელ ჭიშკარს ბოქლომი ისევ დაადო, თუმცა ამჯერად, ბოქლომს საქართველოს და ევროკავშირის დროშები აქვს შემოახვეული.

ოპოზიციის თქმით, ამ შემთხვევაში პოლიცია ბოქლომს ვეღარ მოხსნის, რადგან დროშის დაზიანება მოუწევს. დროშა კი სახელმწიფო სიმბოლიკაა და შესაბამისად მისი დაზიანება კანონის მიხედვით დანაშაულია.

“საქართველოს დროშა იცავს საქართველოს პარლამენტს და არის ხალხის მხარეს”, — თქვა გიორგი ვაშაძემ.

ამ დროისთვის, საქართველოს პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია. აქციის მონაწილეების ნაწილმა, პოლიტიკოსებთან ერთად, ღამე შენობასთან გაათია. მათ დღეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალება არ მისცეს რამდენიმე დეპუტატს.

საქართველოს პარლმენტთან აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ქართულმა ოცნებამ 20 ივნისის აქციებზე გაცემული პირობა – პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, არ შეასრულა და კანონის პროექტი ჩააგდო.