ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

670

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შენობის შესასვლელთან იმყოფებიან და რიგგარეშე არჩვნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ აქცია მშვიდობიანი ფორმით ყველა უწყებასთან გაიმართება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

მათივე თქმით, საღამოს 19:00 საათზე სიტყვით გამოსვლებთან ერთად იქნება გასართობი შოუ, დიჯეი და სხვადასვა თამაში. მთავრობის სახლის წინ გაშლილია ორი კარავი, სადაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა ღამე გაათენა.

“აქციები იქნება აჭარის მუნიციპალიტეტების მასშტაბით. ამ პროცესით უნდა გამოვაფხიზლოთ საზოგადოება და ვაიძულოთ ხელისუფლება მაქსიმალურად მოკლე დროში დააკმაყოფილოს მოთხოვნები. მთავრობის წევრებს მშვიდ ვითარებაში მუშაობის საშუალებას არ მივცემთ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რეზო ხარაზმა.

ბათუმში საპროტესტო აქციები, თბილისში მიმდინარე აქციების პარალელურად, რამდენიმე დღის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში 14 ნოემბერს ჩავარდა. ცვლილებებს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა. 3 წინააღმდეგი წავიდა. მათგან 37-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა.

ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით, ბლოკებით და 3%-აინი ბარიერით ჩატარდება.

განვითარებული მოვლენების გამო პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც მოძრაობის “სირცხვილია” და “შეცვალე” წარმომადგენლები მართავენ. აქციებს ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდნენ. მათი ერთობლივი მოთხოვნაა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით და გარდამავალი მთავრობით.