მარენულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაციის გათვალისწინება გადაწყვიტა. როგორც “რადიო მარენულთან“ საუბრისას ამირან გიორგაძემ თქვა, აუდიტის სამსახურს მუნიციპალიტეტის საკრებულოსადმი მხოლოდ ორი შენიშვნა ჰქონდა.
“საკრებულოსთან მიმართებაში მითითებული იყო საწვავზე და ხელშეკრულებით აყვანილ პირებზე. ამასთან დაკავშირებით უკვე დაგეგმილი გვაქვს, რომ აუცილებლად მოხდება შემცირება როგორც ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების, ისე საწვავის ხარჯების“ – ამბობს ამირან გიორგაძე
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შეუსაბამობის აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით გამოყოფილ საწვავს არამიზნობრივად ხარჯავდნენ.
2017-18 წლებში 9 000 ლიტრამდე საწვავი გახარჯულია თანამშრომლების შვებულებაში ყოფნის დროს საედანაც 3 700 ლიტრი მარნეულის მუნიციპალიტეტის გარეთ, ისეთ ტერიტორიებზეა გამოყენებული როგორიცაა თბილისი, თელავი, ზესტაფონი, ზუგდიდი, ჩაქვი, ბათუმი და სხვა.
აუდიტის სამსახურმა მარნეულის საკრებულოს მიმართა რეკომენდაციით, რომ მერიასთან შეთანხმებით, გონივრულობის პრინციპის გათვალისწინებით, შეიმუშაოს წესი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის შესახებ, ასევე საწვავის განაწილებისა და ხარჯვის შესახებ, რომელიც მიზანშეწონილია დაფუძნებული იყოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ პრინციპებზე.
მარნეულის მუნიციპალიტეტმა საკრებულოს არაანაზღაურებად წევრებს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით, დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, დაუფინანსა სხვადასხვა ტიპის ხარჯი. მათ შორის 2017 წელს დაუმტკიცა საწვავის ხარჯვის ლიმიტი, რომლის ფარგლებშიც გასცა 33 400 ლარის ღირებულების 18 500 ლიტრი საწვავი.
რაც შეეხება საკრებულოში საქართველოს კანონმდებლობით განსაზრვრულ ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომელბის რაოდენობას, ამირან გიორგაძე აცხადებს, რომ წლის ბოლოს თანამშრომლების ნაწილს გაანთავისუფლებს.
“წლის ბოლოს დავჯდები, ვინც ფაქტიურად საჭიროა და უკვე გამოცდილება მიღებული აქვს და საქმეს აკეთებს იმას დავიტოვებ და ვინც ნაკლებად დატვირთულები არიან იმათ შევამცირებ“ – აცხადებს ამირან გიორგაძე
საკრებულოს თავმჯდომარემ აუდიტის დასკვნაში აღნიშნულ სხვა დარღვევებთან დაკავშირებით ჩვენთან საუბარი არ ისურვა. როგორც მან განაცხადა, სახელმწიფო აუდიტმა სხვა შენიშვნები მხოლოდ მერიას წარუდგინა, რის გამოც გიორგაძე კითხვებზე პასუხის გაცემაზე თავს იკავებს.