საკადრო ცვლილებები ზუგდიდის მერიაში

1131

ზუგდიდის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის, ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისებისა და ზედამხედველობის სამსახურებს ახალი უფროსები ჰყავთ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ იდა ქვარაია, მიხეილ ჭკადუა და გიგა მელია 2 ნოემბერს თანამშრომლებს წარუდგინა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

კერძოდ, ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის უფროსად იდა ქვარაია დაინიშნა. ადრე ამ პოზიციაზე რუსლან კილასონია მუშაობდა.

ის 2014 წლიდან 2017 წლამდე მუშაობდა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპლიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად, 2017 წლიდან 2019 წლამდე იკავებდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას. იყო ზუგდიდის გამგეობაში სხვადასხვა პოზიციაზე.

ხოლო ეკონომიკური პოლიტიკის და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსის თანამდებობა მიხეილ ჭკადუამ დაიკავა. ის ზუგდიდის რესურსცენტრში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა პრივატიზების სამხარეო საამმართველოში, იურიდიული განყოფილების უფროსად შპს “ტექნო გრუპში” და იურისტკონსულტანტად შპს “ტექნო გრუპში”.

რაც შეეხება ზედამხედველობის სამსახურს, მას გიგა მელია უხელმძღვანელებს. ის 2017 წლიდან დღემდე მუშაობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების უფროსად. უფრო ადრე, გამგეობაში იყო ზედამხედველობის სამსახურის მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტი. ასევე, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მზის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსად მუშაობდა. მანამდე ამ პოზიციაზე ლაშა ჯაიანი მუშაობდა, რომელმაც თანამდებობა შარშან დატოვა.

ამასთან, ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად ირმა ქირია, რუხის ადმინისრტრაციულ ერთეულში კი მერის წარმომადგენლად რუბენ ლუკავა დაინიშნა.

მერიაში ამბობენ, რომ ეს ადამიანები ღია კონკურსის წესით შეირჩნენ.

მიხეილ ჭკადუა ერთ-ერთია, რომელიც მერის ანგარიშის პრეზენტაციაზე ახსენა ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე ანა წითლიძემ, როცა გიორგი შენგელია ნეპოტიზმში დაადანაშაულა. მისი თქმით, ჭკადუა მერის ახლო მეგობარია.