ზუგდიდის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღის სამი თანამშრომლის მიმართ, “სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრმა” გამოიყენა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა – შენიშვნა. კერძოდ, ცენტრში “ლაივპრესს” უთხრეს, რომ დაიწერა შესაბამისი ბრძანება ბაღის გამგის, აღმზრდელის მოვალეობის შემსრულებელი ერთი თანამშრომლის და აღმზრდელის თანაშემწის მიმართ.
საქმე ეხება სოციალურ ქსელში 25 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის პირველ საბავშვო ბაღში ბავშვებს იატაკზე დაფენილ ლეიბებზე აძინებენ.
ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ჩვენ მერიისგან მივიღეთ, ინსპექტირების ფარგლებში გამოიკითხა დარჩელის საბავშვო ბაღის გამგე, აღმზრდელები, “სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მართვის ცენტრის” დირექტორი და ამავე ცენტრის სკოლამდელი აღზრდის განყოფილების უფროსი.
მერიის შიდა აუდიტის და ინპექტირების სამსახურის ინსპექტირების განყოფილების მიერ დადგინდა, რომ დარჩელის საბავშვო ბაღმა დაარღვია მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული “ადრეული და სკოლამდელი აღზრდის და განათლების დაწესებულებების სანიტარული და ჰიგიენური ნორმების” ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მეხუთე პუნქტი. დასკვნაში განმარტებულია, რომ ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის დასაშვებია მაგარძირიანი გასაშლელი საწოლების, ასევე ჩაშენებული ერთ, ან ორსართულიანი საწოლების გამოყენება.
“შესაბამისად, შიდა აუდიტის სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია ბაღის თანამშრომლების მიმართ გამოიყენონ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა”, – ნათქვამია ინსპექტირების დასკვნაში.
მერიის ცნობით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა “სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების მართვის ცენტრს” უნდა განესაზღვრა.
ვიდეო გასულ თვეს ერთ-ერთი აღმზრდელის ბიძამ, თორნიკე ხარამიშვილმა გადაიღო, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის “ევროპული საქართველოს” წევრს ბათლომე შელიას გადასცა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში უარყოფენ ბრალდებას, თითქოს პატარებს იატაკზე აძინებენ. ბაღის ერთ-ერთი აღმზრდელის თქმით, ეს არის აქტიური თამაშების შემდეგ პატარებისთვის “მოსვენების კუთხე”. ამასთან ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ბაღს არ აქვს საძინებელი და მოზარდებს დღის საათებში ვერ აძინებენ.