ადიგენში, დერცელი–კიკიბოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა განახლდება

646

წინა სტატია

ადიგენში, მლაშე–მოხე–დერცელი–კიკიბოს გზის მშენებლობა ხვალიდან, 18 ოქტომბრიდან განახლდება. მოსახლეობა დაახლოებით 19 თვეა დამეწყრილი გზით სარგებლობს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ცენტრალური ხელისუფლებისგან უკვე მიიღეს ნებართვა, ტყის ფონდიდან ხეების ამორიცხვასთან დაკავშირებით, ეს ის მონაკვეთია, სადაც ახალმა გზამ უნდა გაიაროს.

„გუშინ მივიღეთ შეტყობინება, რომ სამუშაოების განახლება შეგვიძლია. ორშაბათისთვის კი ყველა საჭირო დოკუმენტს მოვამზადებთ“, – გვითხრა შპს „არალის“ დირექტორმა დემეტრე თათეშვილმა.

დერცელსა და კიკიბომდე მისასვლელი ახალი გზის მშენებლობა შპს „არალმა“ მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და სამ თვეში შეჩერდა. მომდევნო სამი თვის განმავლობაში ადიგენის მერია და შპს „არალი“ ეკონომიკის სამინისტროს და გარემოს ეროვნულ სააგენტოსგან ხეების მოჭრის ნებართვას ელოდებოდა.

ტყის მასივში 350 მეტრიანი გზის გასაყვანად 375 476 ლარი დაიხარჯება.

ადიგენში, დერცელი–კიკიბოს გზაზე, მეწყერი 2018 წლის 26 მარტს ჩამოწვა. დამეწყრილი ტერიტორია გეოლოგებმა სტიქიიდან მალევე შეისწავლეს და გადაწყდა, რომ ალტერნატიული გზის გაყვანა იყო საჭირო.

ადიგენის მერიამ საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა, თუმცა ჩავარდა, საბოლოოდ გზის მშენებლობისთვის გამარჯვებული კომპანია შპს „არალი“ერთწლიანი ლოდინის შემდეგ შეირჩა.