დერცელი-კიკიბოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა შეჩერდა

1235

ადიგენში, მლაშე–მოხე–დერცელი–კიკიბოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა შეჩერდა. კომპანია, სამუშაოებს ხეების მოჭრის ნებართვის მიღების შემდეგ გააგრძელებს. ამისთვის სამინისტრომ მთის ის ნაწილი, სადაც გზა გაივლის, ტყის ფონდიდან უნდა ამოიღოს. ინფორმაციას sknews.ge ავრცელებს.

სოფელ კიკიბოსთან, მეწყერის შედეგად დაზიანებულ მონაკვეთთან, ალტერნატიული გზის მშენებლობისთვის 375 476 ლარი დაიხარჯება. ხელშეკრულება შპს „არალთან“ 12 მაისს გაფორმდა.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, გამოყოფილი ტყის ფონდი, სადაც ალტერნატიულმა გზამ უნდა გაიაროს, საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომ ტყეში ხეების მოჭრის ნებართვის მისაღებად, ადიგენის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმა ეკონომიკის სამინისტროს და გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართა.

„ციცაბოა ის ადგილი, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს და მოითხოვა დამატებით ტყის ფონდის ამორიცხვა“, – ამბობა გამოცემასთან საუბრისას ადიგენის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გოდერძი სხირტლაძემ.

სპეციალური განკარგულების მოლოდინში კი, შპს „არალმა“ სამუშაოები შეაჩერა. კომპანიის დირექტორი დიმიტრი თათეშვილი განმარტავს, რომ მას შემდეგ, როდესაც ნებართვას მიიღებენ, სამუშაოები კვლავ გაგრძელდება: „დათქმულ ვადაში შევძლებთ გზის მშენებლობის დასრულებას. ველოდებით ნებართვას, რომ სამუშაოები გავაგრძელოთ“.

ხელშეკრულების მიხედვით, შპს „არალმა“ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვეში უნდა დაასრულოს. ალტერნატიული გზის სიგრძე 350 მეტრი იქნება.

ადიგენში, დერცელი–კიკიბოს გზაზე, მეწყერი 2018 წლის 26 მარტს ჩამოწვა. დამეწყრილი ტერიტორია გეოლოგებმა შეისწავლეს და გადაწყდა, რომ ალტერნატიული გზის გაყვანა იყო საჭირო. ადიგენის მერიამ გასულ წელს საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი ორჯერ გამოაცხადა, თუმცა ორჯერვე ჩავარდა, რადგან მასში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო.