განათლების სამინისტრო ნიკოსეულ სასახლეს საექსპოზიციოდ მოაწყობს

627

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ახლადრეაბილიტირებულ ნიკოსეულ სასახლეს საექსპოზიციოდ მოაწყობს.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად 70 000 ლარამდეა განსაზღვრული.

“დაგეგმილია სასახლის ვიტრინებითა და სხვა ტექნიკური ინვენტარით აღჭურვა და შერჩეული საექსპოზიციო მასალის გამოფენა. ექსპოზიცია 2020 წლის გაზაფხულზე გაიხსნება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დადიანების სასახლეში სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი – მათ შორის რესტავრირდა მუზეუმში დაცული ექსპონატები, დაიბეჭდა მუზეუმის გზამკვლევი და ჩატარდა შენობების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები”, – განმარტავენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ ნიკოსეული სასახლის აღდგენას 3 მილიონ ლარამდე მოხმარდა. თანხა ფონდმა “ქართუმ“ გაიღო. სამუშაოების დამკვეთი საქართველოს კულტურული მემკვიდრობის დაცვის ეროვნული სააგენტოა. რეკონსტრუქცია 2015 წლის აგვისტოში დაიწყო.

სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადებმა გადაიწია და როგორც მაშინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, მიზეზეი პროექტში შესული კორექტირებები იყო.