ახალციხეში, ფარეხის ტერიტორიაზე, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტი უკვე დასრულებულია და მასში ცვლილებები აღარ შევა. რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოების დაწყებას, ეს ადგილობრივ თვითმმართველობაზე დამოკიდებული აღარ არის. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობისათვის, ადგილობრივ დონეზე, ყველა საჭირო აქტივობა განხორციელებულია. შერჩეულია ადგილი და ძველი შენობაც, სადაც თავშესაფრის მოწყობა იგეგმება. გადაწყვეტილია წყლის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის საკითხებიც.
პროექტმა, რომლის მიხედვითაც მშენებლობა უნდა მოხდეს, გაიარა ექსპერტიზა. სამშენებლო სამუშაოებისთვის კი ტენდერს მუნიციპალური განვითარების ფონდი გამოაცხადებს, თუმცა კონკრეტულად როდის – ეს ცნობილი არ არის.
„პროექტი შესყიდულია, ექსპერტიზა გავლილია, საბოლოოდ შეჯერებულია, მასში არაფერი შეიცვლება. მშენებლობის დაწყების საკითხი არის გასარკვევი, დავიწყებთ ახლა ამას თუ გადავიტანთ გაზაფხულზე. ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული, ამას წყვეტს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომლებიც დონორებზე არიან დამოკიდებული“, – განმარტავს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე.
მისივე თქმით, პროექტის პირველ ვარიანტში ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო. შედეგად, გაიზარდა ვოლიერების რაოდენობაც: „ინდივიდუალური ვოლიერები გავაკეთეთ ძაღლებისათვის. თავიდან ისე იყო გათვალისწინებული, რომ პროცედურა როცა ჩაუტარდებოდა, ორ-ორი ძაღლი უნდა ყოფილიყო ერთად ერთ ვოლიერში. ახლა ცალკ-ცალკე ვოლიერი იქნება და უფრო კომფორტული იქნება“.
მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტის პროექტია. იგი 300 ცხოველზეა გათვლილი.
მშენებლობა 3 მილიონ 600 000 ლარი ჯდება. შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას და აღჭურვას მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს.
საერთაშორისო სტანდარტის თანახმად, თავშესაფარში აუცილებელია ხუთი ძირითადი პრინციპის დაცვა.
ესაა: წყურვილისა და შიმშილისგან თავისუფლება; დისკომფორტისგან თავისუფლება, ტკივილის, ჭრილობის და ავადმყოფობისგან თავისუფლება; თავისი სახეობისთვის დამახასიათებელი ნორმალური ქცევის განხორციელების თავისუფლება; გადაადგილების თავისუფლება, შიშისა და დასტრესისგან თავისუფლება.
თავშესაფარი ვალდებულია აწარმოოს ცხოველთა აღრიცხვა და უზრუნველყოს თავშესაფარში მათი ბრუნვის ამსახველი სტატისტიკა, ყველა ცხოველის სტერილიზაცია და ვაქცინაცია.
თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახალი პატრონის მოძიების მიზნით ქმედითი ღონისძიებების გატარება, ცხოველთა დაცვით ორგანიზაციებთან ერთად ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება.
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყობა.