ქუთაისის საქალაქო სასამართლო კანონდარღვევით გაუქმებული თვითმმართველი ქალაქების საქმის განხილვას იწყებს

936

შემდეგი სტატია

4 წლისა 6 თვის შემდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, როგორც იქნა, მოიცალა და კანონდარღვევით გაუქმებული თვითმმართველი ქალაქების საქმის განხილვა გადაწყვიტა. ოზურგეთი, ზუგდიდი, გორი, ახალციხე, თელავი, მცხეთა და ამბროლაური – ეს ის თვითმმართველი ქალაქებია, რომლებსაც, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პირადი გადაწყვეტილებით, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთვათ და ისინი კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანდა. პროცესი კი კანონდარღვევით, მოქალაქეებთან კონსულტაციის გარეშე წარიმართა.

ალბათ, გახსოვთ, თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას ადგილობრივი საზოგადოებები და არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებდნენ. ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საწყის ეტაპზე, არ იზიარებდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც – ამ ქალაქების მერები და საკრებულოს წევრები. მათგან თელავის და მცხეთის საკრებულოებმა ცენტრალურ ხელისუფლებას ოფიციალურად მიმართეს და სთხოვეს, ამ ქალაქებისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსი შეენარჩუნებინათ. ამის მიუხედავად, მოგვიანებით, შვიდივე თვითმმართველი ქალაქის, ისევე, როგორც შვიდი სათემო მუნიციპალიტეტის საკრებულომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირა, თუმცა, საკრებულოს სხდომები პროტესტისა და ხმაურის ფონზე წარიმართა.

მოგვიანებით, საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო, თუმცა, ხელისუფლებამ თავისი გაიტანა, ვეტო დაძლია და 2014 წელს მის მიერვე გატარებული რეფორმის შედეგად შექმნილი 7 თვითმმართველი ქალაქი კვლავ გააუქმა.

თვითმმართველი ქალაქების სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების შესახებ პარლამენტმა, გარდა საკანონმდებლო ცვლილებისა, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” შესაბამისად, დადგენილებაც მიიღო. დადგენილება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღის გამოცხადებისთანავე უნდა ამოქმედებულიყო, ამიტომაც დოკუმენტი გასაუქმებლად განწირული თვითმმართველი ქალაქების მოქალაქეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს.

რადგან ცვლილება არჩევნების წელს განხორციელდა, არასამთავრობო სექტორი სასამართლოს საქმის დაჩქარებულად შესწავლას და მიღებული აქტის შეჩერებას სთხოვდა. თუმცა, საქმის განხილვა, არათუ დაჩქარებულად, ოთხწელიწადნახევრიანი დაგვიანებით, მხოლოდ ახლა იწყება. 

მოქალაქეთა ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. პირველი სასამართლო სხდომა დღეს გაიმართა, სადაც სარჩელი დაზუსტდა. ჯერ-ჯერობით, უცნობია, როდის გაიმართება მომდევნო სხდომა.

რატომ უნდა გაუქმდეს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება? 

მიუხედავად საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნისა, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 10.2 მუხლის შესაბამისად, საკითხის საჯარო განხილვა მომხდარიყო, ხელისუფლებამ უარი თქვა ამ განხილვებზე, პროცესი, პრაქტიკულად, დახურულ კარს მიღმა წარმართა და გადაწყვეტილება ფორსირებულად მიიღო. ყოველივე ამით კი დაირღვა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” მოთხოვნა მოსახლეობასთან საჯარო კონსულტაციების გამართვის თაობაზე.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ჯერ მუნიციპალიტეტებში, შემდგომ კი საქართველოს პარლამენტში გაგზავნილ დოკუმენტაციაში მიუთითა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები “თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ” გამართა.

მოსახლეობასთან შეხვედრები კი, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” შესაბამისად, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას უნდა გაემართა და არა სხვა რომელიმე ორგანიზაციას. გარდა ამისა, “თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის” მიერ გამოცემულ ოქმში პირდაპირ წერია, რომ მან გამართა 7 რეგიონული შეხვედრა, რომელსაც, უმეტესად, მერები/გამგებლები, საკრებულოსა და სამხარეო ადმინისტრაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობისათვის წინასწარ ცნობილი არ იყო. შესაბამისად, ეს შეხვედრები მათთან კონსულტაციის მიზნით ვერ ჩატარდებოდა. ამასთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები სათემო მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებში ცალ-ცალე უნდა გამართულიყო.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დაირღვა “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 10.2 მუხლის სავალდებულო მოთხოვნა “შესაბამისი მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების)  მოსახლეობასთან კონსულტაციის” შესახებ და მოითხოვენ, სასამართლომ ბათილად ცნოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება, ვინაიდან მსგავს რეჟიმში წარმოებული რეფორმის შედეგი არა მხოლოდ ამ რეფორმის ლეგიტიმაციის მიმართ აჩენს შინაარსობრივ კითხვებს (რადგან, უმეტეს შემთხვევებში, იგი შესაბამისი მუნიციპალიტეტების ნების საწინააღმდეგოდ განხორციელდა), არამედ უშუალოდ პროცედურის კანონიერება დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რის გამოც სასამართლოსთვის წარდგენილი მოთხოვნები სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

სანამ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ამ საქმისთვის მოიცალა, ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკვე ორჯერ – 2017 წლის 21 ოქტომბერსა და 2021 წლის 2 ოქტომბერს ჩატარდა, სათემო მუნიციპალიტეტებში ძალით შებრუნებულმა ქალაქებმაც უკვე მეორედ გამოიცვალეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები – მერები და საკრებულოები, უკვე მეხუთედ დამტკიცდა ამ მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტები, რომლებიც მუნიციპალიტეტში შემავალ ქალაქებსა და სოფლებს კვლავ არათანაბარ პირობებში აყენებს, უკვე მეხუთე წელია, ამ ქალაქებს, ისევე, როგორც მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებს, დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობა არ აქვთ. ჰოდა, პატივცემულო სასამართლოვ, მართლაცდა, რა გეჩქარებოდა?