ზუგდიდის მერია 1924 წლის აჯანყების ორგანიზატორების მემორიალურ დაფებს გააკეთებს

678

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია 1924 წლის აჯანყების ორგანიზატორების, ზუგდიდელების ლეონიდე (კანდო) ხუბულავას და ვარლამ ანჩაბაძის მემორიალურ დაფებს გააკეთებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

კანდო ხუბულავას სახელობის აბრა ზუგდიდში რუსთაველის №19-ში მდებარე სახლის ფასადზე გამოიკვრება. მეორე კი დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სასოფლო ბიბლიოთეკის ფასადზე, რადგან ვარლამ ანჩაბაძე სწორედ ამ სოფლის მკვიდრია.

მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა მემორიალური, დესკრიფციული აბრების დამზადება-მონტაჟის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 539 ლარია. მემორიალური დაფები შავი გრანიტისა და თეთრი მარმარილოსგან იქნება დამზადებული. ტენდერი 6 აგვისტოს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 19 აგვისტოს დასრულდება.

1924 წელის აგვისტოში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მასშტაბური სახალხო შეიარაღებული გამოსვლა დაიწყო, რომელიც მაშინ, როგორც მენშევიკურ ავანტიურად შეფასდა, მოგვიანებით კი ისტორიაში შევიდა, როგორც საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლა.