თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი წოწკოლაური აცხადებს, რომ თამაზ მეჭიაურმა, თავისი არაკომპეტენტურობით, 2018 წელს განსახორციელებელი 21 ინფრასტრუქტურული პროექტიდან მხოლოდ 6-ის შესრულება შეძლო, ხოლო მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი მხოლოდ 48%-ით შეასრულა, რითაც რეგიონში ბოლო ადგილზე გავიდა და ახლა ცდილობს, ეს საკრებულოს გადააბრალოს.
პასუხად კი თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური droa.ge-სთან აცხადებს, რომ ბრალდებები „სისულელეა“, მისი მუშაობით კმაყოფილია მთავრობა, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მოსახლეობა, ხოლო წიწკოლაური და საკრებულოს კიდევ 4-5 დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილის “მონები” არიან, რომლებიც უკვე მუშაობაში ხელს ვეღარ უშლიან, ქუცნაშვილის დეპუტატობიდან წასვლისა და გავლენების დაკარგვის გამო, ამიტომ ახლა ცდილობენ, ნერვები მოუშალონ, მაგრამ “არ აიშლის”.
რამდენიმე დღის წინ თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, თიანეთში საქმეს აფერხებდა და იმედოვნებს, რომ მისი მანდატის შეჩერების შემდეგ, ადგილობრივი საკრებულო, პრაგმატულ მუშაობაზე გადავა.
„გაცილებით უფრო სტაბილურობა იქნება მუნიციპალიტეტებში, რადგან ხელს არავინ შეგვიშლის მუშაობაში. იმედს ვიტოვებ, რომ საკრებულოც უფრო პრაგმატული გახდება და რეალურად მისი უმრავლესობა მაინც, მოწოდებული იქნება საქმის კეთებაზე და არა ჩაშლაზე,“- თქვა მეჭიაურმა.
მის ამ განცხადებას საკრებულოს თავმჯდომარე გამოეხმაურა.
„მინდა, საკრებულოს უმრავლესობის სახელით განვაცხადო, რომ თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური, თავისი უფლებამოსილების განხორციელების მეორე წელსაც, სათანადოდ ვერ გაერკვა საკრებულოს და მერიის ძირითად ფუნქციებსა და მათ უფლებამოვალეობებს შორის განსხვავებაში“, – განაცხადა გიორგი წიწკოლაურმა.
მისი თქმით, „საკრებულოს მხრიდან მერიის საქმიანობისთვის ხელის შეშლაზე საუბრობს მერი, რომელმაც 2018 წელს, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 21 ინფრასტრუქტურული პროექტიდან მხოლოდ 6-ის შესრულება შეძლო, ხოლო მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი, შესრულების 48%-იანი მაჩვენებლით, საერთოდ ჩააგდო. ამ შედეგებით თიანეთის მუნიციპალიტეტმა რეგიონში ბოლო ადგილი დაიკავა. საგულისხმოა, რომ მის წინა პერიოდში, ყოველ წელიწადს, დაახლოებით 20-დან 26-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდებოდა“.
წოწკოლაურმა, ასევე, თქვა, რომ 2017-2019 წლებში მეჭიაურის მხრიდან მუნიციპალიტეტის თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის არაერთი ფაქტი იყო და ბუნებრივია, ესეც გახდა მერიასა და საკრებულოს შორის უთანხმოების დამატებითი მიზეზი.
„დისკრიმინაციის ფაქტები დადასტურებულია სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციით და სასამართლოს რამოდენიმე გადაწყვეტილებით, სადაც მერია თავისი უკანონო ქმედებების გამო დამარცხდა. მას ამისათვის ათიათასობით ლარის მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა, რაც, საბოლოოდ, თიანელების ჯიბიდან უნდა იქნეს გადახდილი… თამაზ მეჭიაური, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით ახდენს საკუთარი არაკომპეტენტურობით დაშვებული შეცდომების, შეუსრულებელი პროექტებისა და ჩავარდნილი ბიუჯეტის სხვაზე გადაბრალებას,“ – ამბობს წოწკოლაური.
ბრალდების საპასუხოდ თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ წოწკოლაური ტყუის, უნდა რომ ნერვები აუშალოს, მაგრამ არ აიშლის.
„ყველაფერი კარგად მიდის ჩემთან, ინფრასტრუქტურული პროექტებიც კეთდება და ხალხიც ხედავს ამას. ამას აღნიშნავს მთავრობაც, ინფრასტრუქტურის სამინისტროც და ახლა ეგ რა სისულელეს ილაპარაკებს, არავის აინტერესებს. მე საქართველოში პირველზე ვარ და ბოლო ადგილზე როგორ ვიქნები? რა პროცენტებს ითვლის, ან საიდან დაასკვნა?! მაგის კომენტარებისთვის არავის სცალია. მაგან მიხედოს თავის წარსულს. თქვას, რა დამსახურება ჰქონდა ზაქრო ქუცნაშვილის წინაშე, რომ ასეთი წარსულის მქონე „ოცნების“ სიაში და საკრებულოს თავმჯდომარედ მოხვდა. წავიდეს ახლა და ზაქრო ქუცნაშვილს უკმიოს გუნდრუკი. ახლა საკრებულო ვერაფერში ვერ მიშლის ხელს და უნდა ნერვები ამეშალოს, მაგრამ არ ავიშლი.“- ამბობს მეჭიაური.
მისი თქმით, წოწკოლაური ქუცნაშვილის მფარველობის ქვეშ იყო და სწორედ ამიტომ უპირისპირდება მას.
„ქუცნაშვილს, ვინც კი კრიმინალი და დედისგან დაწყევლილი იყო, ყველა გარშემო ჰყავდა შემოკრებილი. ახლა საკრებულოში ქუცნაშვილი ყურმოჭრილი მონებიდან ეგ წოწკოლაური და კიდევ რამდენიმე დეპუტატია დარჩენილი, რომლებიც უკვე აღარ წარმოადგენენ უმრავლესობას, ხელსაც ვეღარ გვიშლიან და ცდილობენ, ნერვები აგვიშალონ. ოპოზიციური „ქართული ოცნების“ საკმაოდ დიდი ნაწილი კონსტრუქციულად მუშაობს ჩვენთან და რეალურად მონაწილეობენ კიდევაც იმ აღმშენებლობაში, რაც თიანეთის მუნიციპალიტეტშია. საკრებულოში 27 დეპუტატია და ალბათ, 5-6 კაცი იქნება, ვინც მიპირისპირდება. სხვები ასე შავ-თეთრ ფერებში არ უყურებენ ყველაფერს,“ – დასძენს მეჭიაური.
ცნობისათვის, “ქართული ოცნების” წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტი 21 ივნისს პარლამენტში გავრილოვის მიყვანის და ამასთან დაკავშირებული სკანდალის გამო დატოვა, რის შემდეგაც თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტები მაჟორიტარი დეპუტატის გარეშე დარჩა. როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტში ვადამდელი არჩევნები აღარ ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მუნიციპალიტეტებს საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარი აღარ ეყოლებათ.
ქუცნაშვილი-მეჭიაურის დაპირისპირება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მაჟორიტარსა და მერს შორის არაჯანსაღი ურთიერთობის ერთადერთი შემთხვევა არ არის. მაგალითად, ჭიათურაში მაჟორიტართან დაპირისპირების გამო, არჩეული მერი 1 წელში გადადგა და ღიად თქვა, რომ მას დეპუტატი პროვოკაციებს უწყობდა. გადადგა, ასევე, ზესტაფონის მერიც, რომელსაც მაჟორიტარ დეპუტატთან, ასევე, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ამ დრომდე პრობლემებია ხარაგაულშიც, სადაც მერი და მაჟორიტარი ერთმანეთის მიმართ ბრალდებებს არ იშურებენ. ანალოგიური ვითარება სხვა არაერთ მუნიციპალიტეტშია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნებას“ წარმოადგენდა, მაჟორიტარი დეპუტატები ბრაზობდნენ, რომ ეს კანდიდატები მათი რჩეულები არ იყვნენ და მაშინდელმა პრემიერმა კვირიკაშვილმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალავიძემ მათი ინტერესების გაუთვალისწინებლად შეარჩიეს. ამან კი მაჟორიტარების გავლენა მერებზე შეასუსტა.
თიანეთში ამ დაპირისპირებას ისიც ამძაფრებს, რომ მეჭიაური „ოცნების“ რჩეული მერი არ არის და მან ქუცნაშვილის და შესაბამისად, მმართველი პარტიის, კანდიდატს არჩევნები 1 ხმით მოუგო. საკრებულოს უმრავლესობა კი „ქართული ოცნების“ წევრებით დაკომპლექტდა. ამიტომაც 2 წელია, თიანეთში ადგილობრივი ხელისუფლების ორი შტო ურთიერთბრალდებების რეჟიმში მუშაობს. საქმე იქამდე მივიდა, რომ, მაგალითად, თიანეთის საკრებულო მერს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2019 წლისთვის დასაფინანსებელ პროექტებს არ უმტკიცებდა, რის გამოც მეჭიაურმა ადმინისტრაციულ ერთეულებში თავის წარმომადგენლებს დავალება მისცა, რომ მოსახლეობას შეხვედროდნენ და ეთქვათ, რომ საკრებულოს გამო შეიძლება ინფრასტრუქტურული პროექტები აღარ განხორციელებულიყო. ანალოგიური ვითარება იყო დაბა სიონთან დაკავშირებითაც, როცა ქუცნაშვილი და მეჭიაური დაბა სიონში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შეჩერებას ერთმანეთს აბრალებდნენ.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, ადგილობრივი თვითმმართველობა არის მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თიანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები – მერიც და საკრებულოც, უპირველესად, სწორედ მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოქმედებდნენ და პარტიული შეუთავსებლობისა თუ პირადი დამოკიდებულების გამო მოსახლეობის ინტერესები არ უნდა ზიანდებოდეს. ამასთან, სწორედ კოდექსი მკაფიოდ განმარტავს როგორც მერის, ისე საკრებულოს უფლებამოსილებებს, რაც შესასრულებლად ორივესთვის სავალდებულოა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 წელია დარჩენილი, მანამდე მოსახლეობის მიერ არჩეულ მერსაც და საკრებულოს თავმჯდომარესაც, უნდათ ეს თუ არა, ერთად მოუწევთ მუშაობა. და როცა ადგილობრივ თვითმმართველობას ისედაც ბევრი პრობლემა აქვს, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ცივილური ფორმით გადაწყვეტა განსაკუთრებით აუცილებელი ხდება.