თიანეთში, დაბა სიონის ტურისტული მიმართულებით განვითარებასთან დაკავშირებით თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური და ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” ზაქარია ქუცნაშვილი, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. ზაქარია ქუცნაშვილი მერს უმოქმედობაში ადანაშაულებს, თამაზ მეჭიაური კი მაჟორიტარ დეპუტატს ბიუჯეტის „გამოცარიელებაში“ სდებს ბრალს. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
ქუცნაშვილის თქმით, თიანეთის მერის არჩევნებში მეჭიაურმა გაიმარჯვა, რომელიც ხელისუფლებასთან არ თანამშრომლობს, “სიონის სასარგებლოდ ჩვენი შესაძლებლობები შეიზღუდა“. ამასთან, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ თიანეთის “განვითარება შეჩერდა”.
თამაზ მეჭიაური ქუცნაშვილს ეთანხმება და დასძენს, რომ შეჩერდა არა “მუნიციპალიტეტის განვითარება, არამედ დეპუტატის მიერ ბიუჯეტის ძარცვა”.
ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, გზის დაგება, ელექტროფიცირება და გაზიფიცირება მოესწრო, თუმცა, თამაზ მეჭიაურის პირობებში რეგიონში აღარაფერი გაკეთებულა.
„სიონი არის აღმოსავლეთ საქართველოს ტბებიდან და წყალსაცავებიდან ერთ-ერთ საუკეთესო. აქ თავს იყრის მტკნარი წყალი, რომელიც არის გამდინარე და არ ჭაობდება. სიონს ეს დიდი უპერატოსობა აქვს. თუმცა, მას ინფრასტრუქტრული დიდი ჩამორჩენა ჰქონდა. ჩვენ შევიმუშავეთ კომპლექსური ღონისძიებების ნუსხა. აქ პირველ რიგში შევიტანეთ ელექტროფიცირებისა და გზების საკითხის მოგვარება. როგორც იცით, სიონი დაკავშირებულია ერთის მხრივ, საგარეჯოს, ასევე მცხეთის და მესამე მიმართულებით თიანეთის მუნიციპალიტეტებთან. სამივე მიმართულებით გზა დანგრეული იყო. ჩვენ 2 წელში ეს პრობლემა დავძლიეთ. ყველა ოჯახის ინდივიდუალური გამრიცხველიანება მოვახდინეთ და მთის კანონის შედეგად გავუნახევრეთ დენის ტარიფი. შარშან შევიყვანეთ ბუნებრივი აირიც. დღეს მდგომაროებით, გაზი ყველა ოჯახს აქვს“,- აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.
მისი თქმით, გეგმაშია შიდა გზებისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებაც, თუმცა, ახალი მერის პირობებში, ეს საკითხიც გაურკვეველია.
„იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივ მუნიციპალურ არჩევნებში ერთხმიანი უპირატესობით გაიმარჯვა კანდიდატმა, რომელიც ჩვენთან არ თანამშრომლობს, სიონის სასარგებლოდ ჩვენი შესაძლებლობები შეიზღუდა”, – ამბობს დეპუტატი.
რაც შეეხება ტურიზმის, საკურორტო ზონებისა, სასტუმროების განვითარებას, ქუცნაშვილი ამბობს, რომ ეს უკვე კერძო სექტორის საზრუნავია.
თამაზ მეჭიაური კი პასუხად ამბობს, რომ იმ მცირე ბიუჯეტით, რაც გააჩნიათ პროექტების განხორციელება მაინც ხერხდება.
„რაც შეეხება თიანეთის მუნიციპალიტეტის განვითრებას, ეს პროცესი მიმდინარეობს. საუბარია შიდა გზების გაყვანაზე, საბავშვო ბაღების, სკოლების მშენებლობაზე.
რაც შეეხება სიონის განაშენიანებას, რა თქმა უნდა, 7 თვეში ამის გაკეთება შეუძლებელი იყო, მაგრამ მაქსიმალურად იმ პირობებში, რა ბიუჯეტიც გაგვაჩნია, ვცდილობთ, რომ მოვასეწრიგოთ, სისუფთავე დავიცვათ, ხელი შევუწყოთ მცირე ბიზნესის განვითარებას. მაგალითად, პატარა კაფეების გახსნით რომ დაინტერესდნენ და ამით დამსვენებლების მომსახურება გაუმჯობესდეს. ეს, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოა, მაგრამ ჩვენ იმ ბიუჯეტით ვმუშაობთ, რომელიც მათმა საკრებულომ დაგვიმტკიცა. იქიდან გამომდინარე, რომ ქუცნაშვილის მიერ ფული კარგად იყო გახარჯული, ახლა გაგვიჭირდა მნიშვნელოვანი ძვრების განხორციელება“,-აცხადებს მეჭიაური.
მისივე თქმით, იგეგმება კიდევ არაერთი პროექტი, რომელსაც ახალი ხელისუფლების დამტკიცების შემდეგ განახორციელებს.
„გზების მოასფალტება წელს დაიწყო და მომავლ წელს დასრულდება. ეს სწორედ ამისთვისაა, რომ ტურისტული მიმართულება განვითრდეს. ასევე ვიწყებთ სიონის მიმართულებით ორი გზის, მათ შორის ცენტრალურის მოასფალტებას. თუ ამინდებმა ხელი შეგვიწყო, შეიძლება წლის დასრულებამდეც მოვრჩეთ. ასევე აქტიურად მიმდინარეობს, ახმეტა-თიანეთის გზის მოასფალტებაც. პირდაპირ კახეთთან დაკავშირებს სამხედრო გზა ჟინვალს, რაც ტურისტების ნაკადს კიდევ უფრო გაზრდის. ასევე ჩრდილოეთ მიმართულებით 3 სერიოზული პროექტი მზადდება, რომლის მიხედვითაც მოასფალტდება ლაშარის, ჯიჯეთისა და ახალსოფლის მიმართულება. ეს არის მცირე ჩამონათვალი.
რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკური განვითრების გეგმას, მზადდება სერიოზული დოკუმენტი, ველოდებით მთავრობის დამტკიცებას, რის შემდეგაც ეს დოკუმენტიც დამტკიცდება. ამის მერე კიდევ უფრო დაჩქარდება პროცესები“,- აცხადებს თამაზ მეჭიაური.