თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი წოწკოლაურის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა საკუთარი დასკვნით დაადასტურა, რომ თიანეთის მერი რიგ თანამშრომელთა მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას იყენებს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატმა, მისი თხოვნის საფუძველზე, შესაბამისი ფაქტები შეისწავლა და გასცა რეკომენდეცია, დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ.
“სახალხო დამცველის შეფასებით, თამაზ მეჭიაურის მხრიდან, თიანეთის მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენლებისა და სპეციალისტების მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით აღქმით დისკრიმინაციას. სახალხო დამცველი რეკომენდაციას გასცემს, რომ მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობებში განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს”, – განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.