სააპელაციო სასამართლომ თიანეთის მერის არჩევნებში თამაზ მეჭიაურის გამარჯვებულად გამოცხადების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

928

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თიანეთის მერის არჩევნებთან დაკავშირებით მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

თიანეთის მერის არჩევნებში თამაზ მეჭიაურის გამარჯვებულად გამოცხადების გადაწყვეტილება, რომელიც 4-მა სუბიექტმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა.

მოსამართლე შოთა გეწაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მეჭიაურის გამარჯვების გადაწყვეტილებას თიანეთის მე–19 ოლქი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ და ლელა ქიტესაშვილი ასაჩივრებდნენ. ოთხივე სარჩელი ერთი მოთხოვნით იყო, გაუქმებულყო მცხეთის რაიონული სასამართლოს 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება თიანეთის ოლქში არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ მცხეთის რაიონული სასამართლოსგან ითხოვდა, სასამართლოს თიანეთის მე-20 უბნის შედეგები გაებათილებინა.

ალტერნატიული სარჩელი ჰქონდა შეტანილი სასამართლოში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას”, რომელიც მეჭიაურის ინტერესებს იცავს. საია მოითხოვდა, გაუქმებულიყო საოლქო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მე-20 უბნიდან მიტანილი გაბათილებული ბიულეტენების გახსნა და მათგან 5 ბათილად ცნობილი ბიულეტენის აღდგენა მოხდა, რამაც გავლენა მოახდინა პროცესზე. გაბათილებული ბიულეტენების ხელახლა გადათვლის შესახებ თიანეთის მე-19 საოლქო კომისიის გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გუშინ გააუქმა, რის შემდეგაც ძალაში ისევ შემაჯამებელი ოქმი შევიდა, რომლის მიხედვითაც, თამაზ მეჭიაური თიანეთის მერის არჩევნებს ერთი ხმით იგებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი