შეცვლილი საშტატო ნუსხა, შემცირებული სამსახურები და გაზრდილი ხელფასები – რეორგანიზაცია ზუგდიდის მერიაში

1205

ზუგდიდის საკრებულომ მიიღო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც იცვლება მერიის საკრებულოს მუშაობის სტრუქტურა, მათ შორის საშტატო ნუსხა. კერძოდ, 12 სექტემბრიდან 10-ის ნაცვლად 9 სამსახური იფუნქციონირებს და გაერთიანდება რამდენიმე განყოფილება. შედეგად კი, როგორც გუშინდელ სხდომაზე ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ აღნიშნა, მერიაში 38 თანამშრომლით ნაკლები იმუშავებს, ხოლო საშტატო ნუსხა 285-ით განისაზღვრება და ბიუჯეტში 171 ათასი ლარი გამოთავისუფლდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ასევე, რეორგანიზაციის შედეგად გაერთიანდება საფინანსო და შესყიდვების სამსახური და შემცირდა ხელმძღვანელ პირთა შტატებიც და გაუქმდა რამდენიმე განყოფილება, მათ შორის ტურიზმის. ამასთან, პროტოკოლის განყოფილება საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას შეუერთდა. შეიქმნება დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება. გააერთიანეს სპორტის და ახალგაზრდობის განყოფილებები, გენდერი კი ჯანდაცვის სამსახურს შეუერთდა. რაც შეეხება არქიტექტურის განყოფილებას, მას  ინფრასტრუქტურის სამსახურს დაუქვემდებარებენ.

ამასთან, ხელფასები ეზრდებათ მერიის პროფესიულ საჯარო მოხელეებს. სიახლემ ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ბათლომე შელიას განცხადებით, იმ ფონზე, როცა მაგალითად, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის, ასევე, მუზეუმის თანამშრომლებს დაბალი ანაზღაურება აქვთ, პირველ რიგში მერიის თანამაშრომლებს უზრდიან ხელფასებს, რაც არასწორია. მისივე თქმით, დოკუმენტის იმ ვერსიით, რომელიც მან მიიღო, ხელფასები ეზრდებათ მერს და მოადგილეებს.

საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას განცხადებით, მათ საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ანაზღაურება პოლიტიკური თანამდებობის პირებს არ უნდა გაეზარდოთ. ხელფასები მხოლოდ პროფესიულ საჯარო მოხელეებს მოემატებათ.

“საუბარია პროფესიული საჯარო მოხელეების ხელფასზე, რომლის მოთხოვნა კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული. სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი იყო რაოდენობა ხელფასებისა, რომლის საკანონმდებლო უფლებაც და რომლის ფინანსური საშუალება ჩვენ გვქონდა, იყო საუბარი მერზე, მის მოადგილეებზე, ასევე საკრებულოს თავმჯდომარესა და მისი მოადგილეებზე, საკრებულოს ფრაქციების და კომისიების ხელმძღვანელებზე, მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ არ მოვუმატოთ ხელფასი პოლიტიკური თანამდებობის პირებს“, – განმარტა მამუკა წოწერიამ.

მისივე თქმით, სამსახურის და განყოფილების უფროსების ხელფასი 300 ლარით, ხოლო საშუალო რანგის მოხეელეების 100 – 150 ლარით გაიზრდება.

ოპოზიციონერის პრეტენზიებს უპასუხა ზუგდიდის მერმაც. მისი თქმით, წარმოდგენილი პროექტის მხარდაჭერის შემდეგ, ორი თვეა საჭირო, რათა ცვლილება თანამშრომელთა ანაზღაურებაზე აისახოს. ამის შემდეგ ისინი დაიწყებენ ააიპ-ების სტრუქტურის ჩამოყალიბებას. შეისწავლიან საშტატო ერთეულებს. პროცესი აგვისტოში დაიწყება.

“მსხვილი ააიპ-ებით დავიწყებთ. თქვენ, საკრებულოსაც გაქვთ ამ მიმართულებით ნამუშევარი. შევაჯერებთ პოზიციებს და გადავწყვეტთ იმ რეალურ საშტატო განრიგს, რომლითაც იგივე საქმის გაკეთება შეიძლება”, – განმარტა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდის მერიამ 28 ივნისს დაიწყო ახლადარჩეული მერის, გიორგი შენგელიას მიერ მოადგილეების წარდგენის დღეს დაანონსებული ცვლილებები.