ქუთაისში ტაბიძის ქუჩაზე შეწყვეტილი სამუშაოები დღეიდან განახლდება

1111

წინა სტატია

ქუთაისში გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოები 22 ივლისს განახლდება. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

სამუშაოების განმეორებით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს “პალადა” შეასრულებს. მან 809 204 ლარიან ტენდერში 757 000 ლარად გაიმარჯვა. კომპანიას ტაბიძის ქუჩაზე მიტოვებული სამუშაოების გაგრძელება და მისი ორ თვეში დასრულება მოუწევს.

კომპანია “ჯეო სერვისს”, რომელიც ქუჩაზე სამუშაოებს ასრულებდა,  ხელშეკრულება შეუწყდა. მიზეზად ფინანსური პრობლემები დასახელდა. არსებული ინფორმაციით, კომპანიამ ქვეკონტრაქტორ კომპანიას ხელფასები ვერ გადაუხადა, რის გამოც მუშებმა სამუშაოები შეაჩერეს.

საპირისპირო განაცხადეს ქვეკონტრაქტორი კომპანიის შპს “ბ.ლ.გრუპი-ს” მუშებმა. ადგილზე დასაქმებულის ინფორმაციით,  მათ ხელფასების პრობლემა არ შექმნიათ.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ბექა ყურაშვილის განცხადებით, იგივე კომპანია სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მიმდებარე ლორთქიფანიძის ქუჩაზეც ახორციელებს.

“ქუჩაზე სამუშაო შეჩერებული იყო, მაგ მონაკვეთი, სადაც მუშები არიან,  ლორთქიფანიძის ქუჩის მიმდებარედააა და იგივე ქვეკოტრაქტორი მუშაობს, თანამშრომლებიც ერთი ყავთ,  სავარაუდოდ, ეგ  განცხადებაც მათ გააკეთეს. რაც შეეხება ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოებს, ორშაბათიდან განახლდება. ვის აიყვანს ქვეკონტრაქტორად,  ეგ არ ვიცით”-განაცხადა ბექა ყურაშვილმა.

ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოები ივნისში შეწყდა. ოპოზიცია მომხდარს მერიის არასწორად შედგენილ პროექტებს და კორუფციულ გარიგებებს უაკვშირებდა.

სამუშაოების  დადგენილ ვადებში ჩატარების შემთხვევაში ქუჩის რეაბილიტაცია ამ დროისათვის უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო.