გამოკითხულთა 51% ადგილობრივ თვითმმართველობას სრულ, ან მეტ-ნაკლებ ნდობას უცხადებს, – ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.
ენდობით თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს? – ეს არის კითხვა, რომელიც ორგანიზაციამ გამოკითხვის ფარგლებში მოქალაქეებს დაუსვა.
როგორც კვლევის შედეგებიდან ირკვევა, 51%-დან ადგილობრივი თვითმმარველობის ორგანოებს 10% სრულად, ხოლო 41% მეტ-ნაკლებად ენდობა.
გამოკითხულთა 20% ადგილობრივ თვითმმართველობას სრულ უნდობლობას უცხადებს, 23% მას მეტ-ნაკლებად არ ენდობა, 6%-ს კი აღნიშნულ საკითხზე პასუხი არ აქვს, ან არ იცის, ენდობა თუ არა.
მცირედია განსხვავება ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში გამოკითხულ მოქალაქეთა პასუხებს შორის.
რურარულ, ანუ სოფლის ტიპის დასახლებებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს სრულად, ან მეტ-ნაკლებად ენდობა გამოკითხულთა 54% (43% – მეტ-ნაკლებად, 11% – სრულად ენდობა), 41% – არ ენდობა, ან მეტ-ნაკლებად არ ენდობა (23% – მეტ-ნაკლებად, 18% – არ ენდობა), ხოლო ხოლო 5%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
რაც შეეხება ქალაქის ტიპის დასახლებებს, აქ თვითმმართველობას გამოკითხულთა 53% სრულად, ან ნაწილობრივ ენდობა (44% – ნაწილობრივ, 9% – სრულად ენდობა), 44% – არ ენდობა, ან ნაწილობრივ არ ენდობა (22-22%), ხოლო 3%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
თუ სხვა ქალაქებსა და სოფლებში ადგილობრივ თვითმმართველობას გამოკითხულთა 50%-ზე მეტი ენდობა, დედაქალაქში ეს მონაცემი მხოლოდ 45%-ია. აქ თვითმმართველობას სრულად გამოკითხულ თბილისელთა მხოლოდ 9% ენდობა, ხოლო ნაწილობრივ – 36%. თვითმმართველობას არ ენდობა გამოკითხულთა 20%, ხოლო 25% – ნაწილობრივ არ ენდობა. გამოკითხულთა 10%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.
გამოკითხვა საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 20 მაისიდან 11 ივნისის პერიოდში ჩაატარა. გამოკითხვა ერთდროულად თბილისსა და საქართველოს ცხრა რეგიონში ჩატარდა და 18 წლის ან მეტი ასაკის მქონე 1500 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი კი არ აღემატება 2.5%-ს.