მიჯნავენ თუ არა მოქალაქეები თვითმმართველობის და ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებებს? – გამოკითხვის შედეგები

1835

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ხშირად საუბრობენ, იცის თუ არა მოსახლეობამ, რა საკითხები მიეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას და რა – ცენტრალური ხელისუფლების. აღნიშნულ საკითხზე ამერიკის რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა მოქალაქეებს, გამოკითხვის ფარგლებში, შეკითხვა დაუსვა იმისათვის, რომ გაერკვია, რამდენად მიჯნავს მოსახლეობა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებების უფლებამოსილებებს.

ორგანიზაციამ გამოკითხვაში მონაწილეებს შემდეგი კითხვა დაუსვა: როგორ ფიქრობთ, ეს სერვისები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის, თუ ცენტრალური ხელისუფლების მიერ?

პასუხები კი ასეთია:

წყალმომარაგება – 40%-მა იცის, რომ ამ სერვისის მიწოდება აუცილებლად ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს; 28%-ის აზრით, ეს, ალბათ, ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაში არსებული საკითხია; 15% წყალმომარაგებას ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებად მიიჩნევს, 13%-იც თვლის, რომ ეს საკითხი, ალბათ, მთავრობის გადასაწყვეტია. 3%-მა კი საერთოდ არ იცის, ან არ აქვს პასუხი, თუ რომელმა უნდა გასწიოს ეს მომსახურება.

ნარჩენების მართვა – გამოკითხულთა 39%-მა დანამდვილებით იცის, რომ ეს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაა, 29%-იც ფიქრობს, რომ ნარჩენების მართვა, ალბათ, ადგილობრივ ხელისუფლებას ეხება; 15%-ს ეს საკითხი ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილება ჰგონია; ნარჩენების მართვა, სავარაუდოდ, ცეტრალური ხელისუფლების გადასაწვეტია გამოკითხულთა 13%-ისთვის, ხოლო 4%-მა არ იცის, ან არ აქვს პასუხი ამ საკითხზე.

საბავშვო ბაღები – გამკითხულთა 37%-მა იცის, რომ საბავშვო ბაღებზე ზრუნვა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებაა; 26% ფიქრობს, რომ ამ საკითხს, სავარაუდოდ, თვითმმართველობამ უნდა მიხედოს; 20% დარწმუნებულია, რომ ეს საკითხი ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებას განეკუთვნება, 14% ფიქრობს, რომ სავარაუდოდ, ასეა, ხოლო 3%-ს არ აქვს პასუხი, ან არ იცის, ვისი მისახედია საბავშვო ბაღები.

სოციალურად დაუცველი პირებისთვის სტატუსის მინიჭება – გამოკითხულთა 33%-ს ჰგონია, რომ ეს ნამდვილად ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებაა, ხოლო 28% ფიქრობს, რომ ალბათ, თვითმმართველობის საქმეა; გამოკითხულთა 19%-მა იცის, რომ ამგვარ სტატუსს ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები განსაზღვრავენ, ასევე, 17% ფიქრობს, რომ ეს საკითხი, სავარაუდოდ, ცენტრალური ხელისუფლების გადასაწყვეტია. 3%-ს კი არ აქვს პასუხი, ან არ სურს პასუხის გაცემა.

მოხუცებსა და შშმ პირებზე ზრუნვა – გამოკითხულთა 33% დარმწუნებულია, რომ ეს სერვისი ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა მიაწოდოს, ხოლო 26% მიიჩნევს, რომ, სავარაუდოდ, ასეა. 21% ფიქრობს, რომ მოხუცებსა და შშმ პირებზე ზრუნვა ნამდვილად ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებაა, 17%-იც თვლის, რომ სავარაუდოდ, ცენტრალური ხელისუფლება ზრუნავს ამ საკითხზე. 3%-მა კი არ იცის, ან პასუხზე უარს აცხადებს.

ტყის დაცვა – ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციად ამ საკითხს გამოკითხულთა 27% მიიჩნევს, ხოლო 19% თვლის, რომ ეს, სავარაუდოდ, თვითმმართველობის საქმეა. 31% ტყის დაცვის საკითხებს ცენტრალური ხელისუფლების ვალდებულებად მიიჩნევს; ალბათ, ცენტრალური ხელისუფლების მოსაგვარებელია – ფიქრობს გამოკითხულთა 18%, ხოლო კითხვაზე პასუხი არ აქვს, ან არ პასუხობს 5%.

სასკოლო განათლება – გამოკითხულთა 20% დარწმუნებულია, რომ სასკოლო განათლების სერვისი ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა გასწიოს, ხოლო 16% მიიჩნევს, რომ, ალბათ, ასეა. გამოკითხულთა 37%-მა იცის, რომ ეს საკითხი ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაშია, ხოლო 25% ფიქრობს, რომ ამ სერვისს, სავარაუდოდ, ცენტრალური ხელისუფლება გასწევს. 2%-ს კი აღნიშნულ საკითხზე პასუხი არ აქვს, ან არ უნდა, კითხვას უპასუხოს.

გამოკითხვა საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 20 მაისიდან 11 ივნისის პერიოდში ჩაატარა. გამოკითხვა ერთდროულად თბილისსა და საქართველოს ცხრა რეგიონში ჩატარდა და 18 წლის ან მეტი ასაკის მქონე 1500 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი კი არ აღემატება 2.5%-ს.