ხართ თუ არა თქვენი საკრებულოს მუშაობით კმაყოფილი? – ეს არის კითხვა, რომლითაც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გამოკითხვის ფარგლებში მოქალაქეებს დაუსვა.
როგორც გამოკითხვის შედეგებიდან ირკვევა, სრულად, ან ნაწილობრივ კმაყოფილი საკრებულოების საქმიანობით გამოკითხულთა 46%-ია, საიდანაც 9% სრულად, ხოლო 37% ნაწილობრივ კმაყოფილია.
საკრებულოების მუშაობით სრულად უკმაყოფილოა გამოკითხულთა 20%, ხოლო მეტ-ნაკლებად უკმაყოფილოა 23%.
როგორც აღმოჩნდა, საკრებულოების საქმიანობას ვერ აფასებს გამოკითხულთა 11%, რომელსაც კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურს, ან არ იცის, როგორ მუშაობს მისი საკრებულო.
შედარებით დაბალია მონაცემები თბილისის საკრებულოს შეფასებისას. როგორც გამოკითხვიდან ირკვევა, გამოკითხულთა მხოლოდ 34%-ია თბილისის საკრებულოს მუშაობით სრულად, ან ნაწილობრივ კმაყოფილი. 34%-იდან 7% ამბობს, რომ ამ უწყების საქმიანობით კმაყოფილია, ხოლო 27% – მეტ-ნაკლებად კმაყოფილია.
რაც შეეხება მათ, ვინც დედაქალაქის საკრებულოს საქმიანობას უარყოფითად აფასებს: გამოკითხულთა 20% მისი საქმიანობით უკმაყოფილოა, ხოლო 22% – მეტ-ნაკლებად უკმაყოფილო.
მაღალია იმ გამოკითხულთა რაოდენობა, ვინც თბილისის საკრებულოს საქმიანობას საერთოდ ვერ აფასებს. როგორც კვლევის შედეგებიდან ირკვევა, გამოკითხულ თბილისელთა 25%-მა პროცენტმა არ იცის, რამდენად კარგად ან ცუდად მუშაობს დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო, ან არ სურს კითხვაზე პასუხის გაცემა.
გამოკითხვა საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 20 მაისიდან 11 ივნისის პერიოდში ჩაატარა. გამოკითხვა ერთდროულად თბილისსა და საქართველოს ცხრა რეგიონში ჩატარდა და 18 წლის ან მეტი ასაკის მქონე 1500 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი კი არ აღემატება 2.5%-ს.