ფოთის სანაპიროს უხარისხოდ მოწყობის საქმეს ფინანსური პოლიცია იკვლევს

954

წინა სტატია

ფოთის სანაპირო ზოლის რეკონსტრუქცია შეჩერებულია. სანაპიროს უხარისხოდ მოწყობის საქმეს ფინანსური პოლიცია იკვლევს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

სანაპიროზე უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების შესახებ სახელმწიფო აუდიტმა დასკვნა მიმდინარე წლის თებერვალში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია ხარვეზებით შესრულებულ სამუშაოებზე და ასევე, წერია, რომ, შესაძლოა, ფოთის მერიის პასუხისმგებელი პირები მოქმედებდნენ არა კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, არამედ სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე.

“ბულვარის მშენებლობის გადაწყვეტილება კარგი და სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა განხორციელებაში შეიქმნა პრობლემები. შესაბამისად მივიღეთ რთული ვითარება, მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება. სამწუხაროდ, მშენებლის მხრიდან დროული რეაგირება არ მოხდა მის გამოსწორებაზე და ჩვენ იძულებული ვიყავით შეგვეჩერებინა სამუშაოები, გადაგვეხედა პროექტზე და დაგვეწყო ფიქრი იმაზე თუ რა შეიძლებოდა უკეთესი მიგვეღო“, – ამბობს ფოთის ვიცემერი კონსტანტინე თოფურიაი.

სარეკონსტრუქციო სამუშაოები შეჩერდა, თუმცა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო პასუხისმგებლობა ამ დრომდე არავის დაკისრებია.

“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახური იკვლევს ამ საქმეს. მოკვლევა დასრულებული არ არის“, – განაცხადა “ლაივპრესთან“ კონსტანტინე თოფურიამ.

მისივე თქმით, სანაპირო ზოლის რეკონსტრუქციას მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

აუდიტის დასკვნაში, სადაც ბევრ ხარვეზზეა საუბარი, წერია, რომ მალთაყვის სანაპირო ზოლის მოწყობაზე 4.1 მილიონი ლარი დაიხარჯა.