ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მისი განცხადებით, მან პროკურატურას მიაწოდა ინფორმაცია ზუგდიდში წინასაარჩევნოდ გამართული შეხვედრის შესახებ, სადაც მისივე თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მე-6 სკოლის შემოწმების და დირექტორის გათავისუფლება დაგეგმა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
“მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იმყოფებოდა ზუგდიდში წინასაარჩევნოდ, სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე, გადაწყდა ჩვენი ამბავი. გახარიამ გასცა დავალება, რომ უნდა შეემოწმებინათ მე-6 სკოლა და გაეგზავნათ ინსპექტირების ჯგუფი, რაც მოხდა კიდევაც“, – ამბობს ბაჩანა შენგელია.
ის მოითხოვს ასევე, რომ ია კერზაიას საქმეზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია გამოიკითხოს.
“დეკემბერში, სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ დეიდაჩემი და იას ძმისშვილი. მათთან მოწერელიამ თქვა – “ცუდია, რომ ასე მოხდა, მე გახარიამ მომცა პირობა, რომ ამ საკითხს მოაგვარებდაო“, მოგვარებაში რა იგულისხმა არ ვიცი. ამ შეხვედრის შინაარსი და ყველა დეტალი მივაწოდე დღეს პროკურატურას და მოვითხოვე ალექსანდრე მოწერელიას, გიორგი გახარიას და შეხვედრის მონაწილე ყველა პირის გამოკითხვა, ხოლო ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მინისტრის პასუხისგებაში მიცემა.
მან პროკურატურას 2 ივლისს მიმართა წერილით, სადაც ის შინაგან საქმეთა მინისტრის გამოკითხვას ითხოვს. ბაჩანა შენგელიამ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, სკოლაში ინსპექტირების განხორციელების ბრძანება გიორგი გახარიას მიერაა გაცემული. თუკი ეს ფაქტი დადასტურდება, შენგელია უკვე მინისტრის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. ინსპექტირება, მანვე აღნიშნა, რომ სწორედ ია კერზაიას პოლიტიკურ დევნას და მის “სამაგალითოდ დასჯას” ისახავდა მიზნად, რადგან დირექტორი მმართველი პარტიის მხარდამჭერი არ ყოფილა და არც მათ დავალებებს ასრულებდა.
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტით 2018 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. ამას წინ უძღოდა დარღვევების არსებობის შესახებ მოქალაქის წერილის საფუძველზე სკოლაში შემოწმების დაწყება. ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ დედამისზე მიდინარეობდა წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ზეწოლა. გარდაცვალებამდე იგივეს აცხადებდა თავად ია კერზაია. განათლების სამინისტროში ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ეს იყო რიგითი შემოწმება.