ზუგდიდში საარსებო წყაროების განვითარების ცენტრი გახსნეს

1146

ზუგდიდში თაბუკაშვილის ქუჩაზე საარსებო წყაროების განვითარების ცენტრი გახსნეს. როგორც ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, საარსებო წყაროების განვითარების ცენტრი (LDC)  დევნილებსა და მასპინძელ თემს მოემსახურება.

“ცენტრის მიზანია საჭიროების მქონე ადამიანებში გაზარდოს საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობა. LDC სამეგრელოში მცხოვრებთათვის სხვადასხვა სერვისებს განახორციელებს – ეს იქნება ინფორმაციის მიწოდება რეგიონში არსებულ შესაძლებლობებზე, რომელიც მოიცავს დასაქმების, მიკრო და მცირე მეწარმეობის, პროფესიული განათლების, ტრენინგების, სტაჟირების, გრანტებისა და უპროცენტო სესხების თემებს, ასევე, ცენტრში დევნილებსა და მასპინძელ თემს ექნება შესაძლებლობა მოისმინოს ექსპერტებისაგან კონსულტაციები სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღების მიზნით და მიიღოს დახმარება რეზიუმეს, სამოტივაციო წერილის და ბიზნეს წინადადების შედგენაში”, – განმარტეს მერიაში.

მათივე ინფორმაციით, ცენტრის გახსნასთან ერთად, პროექტის ფარგლებში შექმნილი ვებგვერდის პრეზენტაციაც გაიმართა. ცენტრი პროექტ “დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში გაიხსნა, რომლის განმახორცილებელია ASB საქართველო (ASB Georgia) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი“ (CHCA) ხოლო დონორი აშშ-ს მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიურო (BPRM).

პროექტი ორწლიანია და საერთო ჯამში, 180 დევნილი და ადგილობრივი მეწარმე ბიზნესის დასაწყებად ან განსავითარებლად გრანტს მიიღებს. პროექტი ანალოგიური ფორმატით აფხაზეთშიც ხორციელდება.

ცენტრის გახსნის შემდეგ, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, 37 ბენეფიციარს, ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად და განსავითარებლად საჭირო სხვადასხვა საშუალება გადაეცათ.