ქარელის სოფელ გვერძინეთის სკოლის დირექტორი: მიწების უმეტესობა სასულიერო პირებს აქვთ მიტაცებული

1156

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

გვერძინეთის სკოლის დირექტორი ამბობს, რომ სკოლაში მოსწავლეების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო. მიხეილ კოჩალიძე ამბობს, რომ 2012 წლამდე თუ 80-მდე მოსწავლე ჰყავდათ, ახლა მათი რიცხვი 6-ს შეადგენს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

სკოლის დირექტორის თქმით, სოფელს ადგილობრივი მცხოვრებლები ტოვებენ და სხვა რეგიონში გადადიან. კოჩალაძე გვეუბნება, რომ მიწები სასულიერო პირებმა მიითვისეს, რამაც ძამას ხეობაში მიგრაცია გამოიწვია.

“ჩვენი სკოლა საბაზისოა, ცხრა კლასიანი. ამ დროისთვის 6 ბავშვი სწავლობს, ყველა გვერძნეთელია. შემდეგ მოსწავლეები სწავლას სოფელ ზღუდერის საჯარო სკოლაში აგრძელებენ, ეს სოფელი 10 კილომეტრშია. თუ ზღუდერში არ წავიდნენ, მაშინ გადადიან ბათუმში ან თბილისში. ოჯახები მიდიან სოფლიდან. გვერძნეთიდან ოჯახებმა და შესაბამისად მოსწავლეებმაც, გადინება დაახლოებით 7 წლის წინ დაიწყეს. 2012 წელს თუ 80 მოსწავლე მყავდა, დღეს მათი რიცხვი 6 – მდეა შემცირებული. შიდა მიგრაცია ხდება წალკაში, ბათუმსა და თბილისში. მიზეზი მცირემიწიანობაა. ოჯახები სასოფლო სავარგულებს ვერ ამუშავებენ, რადგან, მათი უმეტესობა სასულიერო პირებს აქვთ მიტაცებული. გვერძნეთში 7 წლის წინ, 45 ოჯახი ცხოვრობდა, ახლა მათი რაოდენობა 17-ია. ასევე, დაცლილია სოფლები: კოდბაანი და წიფლოვანა. კოდბაანში 11 ოჯახი ცხოვრობდა, წიფლოვანაში 7 ოჯახი”,-აცხადებს კოჩალაძე.

ცნობისთვის, ძამას ხობიდან აჭარელი ეკომიგრანტების მიგრაციაზე გადაცემა “ქართლის სტუდიაში“ ქარელის ვიცემერმა, ნუგზარ დაბრუნდაშვილმაც ისაუბრა. მისი თქმით, აჭარელი ეკომიგრანტები ხეობას იმიტომ ტოვებენ, რომ მათ სასულიერო პირები რელიგიური და კიდევ სხვა ნიშნით ავიწროვებენ.

ფაქტს უარყოფს ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი და მოადგილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს.

“ეს ამბავი არის სიცრუე, არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა. ისიც სიცრუეა, რომ ვიღაცა ვიღაცას ავიწროებს. ეს მოსახლეობა ჩვეულებრივად ჩვენი ძმები და დები არიან. საარჩევნო უბანში იღებენ  მონაწილეობას და ყველა მიმართულებით აქვთ დახმარება. ეს ნუგზარ დაბრუნდაშვილის მოსაზრებაა. მე-7 წელია ვმუშაობ მუნიციპალიტეტში და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მოსახლეობასთან. ჩემთვის არავის მოუმართავს ამ საკითხზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად მიწევს შეხვედრა ადგილობრივებთან. არანაირი საკითხი არ დასმულა იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცა ავიწროებდათ ან ვინმესთან გაუგებრობა ჰქონდათ”, – განაცხადა ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა.

“ქართლის სტუდიაში” გაკეთებული განცხადების საფუძველზე, შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი კი,  აჭარელი ეკომიგრანტების შესაძლო რელიგიურ დევნაზე ქარელის ვიცემერის გამოკითხვას ითხოვს.