ქარელის მერი: ვგეგმავთ ცენტრალური სტადიონის აღდგენას და პროფესიული გუნდის შექმნას

407

შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან ქარელი ერთადერთია, სადაც ამჟამად პროფესიული საფეხბურთო სტადიონი არ ფუნქციონირებს. თუმცა, “რადიო მოზაიკას” ინფორმაციით, ქარელის ცენტრალური სტადიონის განახლება და კეთილმოწყობა ადგილობრივი თვითმართველობის დღის წესრიგში დგას. ეს ინფორმაცია ქარელის მერმა, ზაზა გულიაშვილმაც დაადასტურა.

„საზოგადოების მაღალი და აქტიური მოთხოვნიდან გამომდინარე ქარელში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია იგეგმება. აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ფედერაციასთან და გავდივართ კონსულტაციებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან წარმატებული კონსულტაციის გავლის შემდეგ უკვე უშუალო სამუშაოები დაიწყება”, – განაცხადა გულიაშვილმა.

გულიაშვილის თქმით,  სტადიონის რეაბილიტიაციის პარალელურად, ქარელში პროფესიული გუნდის ჩამოყალიბებაც იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლში უკანასკნელი პროფესიული სტადიონი 2022 წლის გაზაფხულზე ხაშურში გაიხსნა, რომლის მშენებლობის ხარჯებმაც 6.4 მილიონი ლარს მიაღწია.