10 უძრავი ქონება, 2 ავტომანქანა და შემოსავალი სოფლის მეურნეობიდან – ქარელის მერის დეკლარაცია

478

შემდეგი სტატია

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

ზაზა გულიაშვილი “ქართული ოცნებიდან” ქარელის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას მეორე ვადით იკავებს. ის პირველად 2017 წელს აირჩიეს, ხოლო მეორედ – 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. გულიაშვილი საჯარო სამსახურში 2013 წლიდანაა. ის ჯერ შს სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო – ქარელის პოლიციის სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე, 2013 წლის აგვისტოში ქარელის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, შემდეგ, 2014-2017 წლებში – ქარელის გამგებელი იყო, 2017 წლიდან დღემდე კი ქარელის მერია. ამდენად, ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს, ჯამში 10-ჯერ აქვს შევსებული, მათ შორის ბოლო – 2022 წლის აპრილში.

ზაზა გულიაშვილს ჰყავს მეუღლე და 2 შვილი, თუმცა, ბოლო დეკლარაციაში ოჯახის წევრებად მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს მითითებული. ოჯახი 12 უძრავ ქონებას ფლობს. მათ შორის, 11 ქონებას ფლობს თავად ქარელის მერი, ხოლო 1-ს – მეუღლე. გარდა ამისა, 3 არის ბინა, 8 არის მიწის ნაკვეთი და 1 – ღია ავტოსადგომი.

ქარელის მერის უძრავი ქონება ასე გამოიყურება: ზაზა გულიაშვილს 2 ბინა აქვს ნაყიდი. 2020 წელს 136 626 ლარად უყიდია 78,8 კვ.მ ბინა თბილისში, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩაზე; ხოლო 2008 წელს 28 000 აშშ დოლარად უყიდია 13,3 კვ.მ ბინა თბილისში, გიორგი ჩუბინაშვილის N 77-ში; ამ ბინის შესახებ ინფორმაციას ყველა  დეკლარაციაში ვხედავთ, თუმცა, წინა წლებში ფართობი 56 კვ.მ-ია და არა 13,3 კვ.მ. რაც შეეხება მესამე ბინას, მას ქარელის სოფელ ბრეთის მეურნეობაში 93,24 კვ.მ ბინა 2008 წელს მემკვიდრეობით მიუღია. ეს ქონებაც ყველა დეკლარაციაშია აღნიშნული.

ამასთან, ოჯახი თბილისში, ჭყონდიდელის ქუჩაზე, ბინასთან ერთად, ფლობს 13,7 კვ.მ ღია ავტოსადგომსაც, რომელიც მეუღლის, მარიამი გულიაშვილ-იმერლიშვილის სახელზეა გაფორმებული  და ის 2021 წელს 3 500 აშშ დოლარად არის ნაყიდი.

გარდა ამისა, ზაზა გულიაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში ფლობს 7509 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელიც 2018 წელს 3500 აშშ დოლარად უყიდია. დანარჩენი 7 მიწის ნაკვეთი აქვს ქარელის სოფელ ბრეთის მეურნეობაში. მათ შორის, 12 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი 2016 წელს მემკვიდრეობით მიუღია, სადაც 127 კვ.მ შენობა-ნაგებობა დგას.  დანარჩენი 6 ნაკვეთი კი სხვადასხვა წლებში აქვს ნაყიდი: 2016 წელს 250 აშშ დოლარად უყიდია 4000 კვ.მ; 2016 წელს 1250 ლარად – 12 500 კვ.მ; 2017 წელს 10 000 ლარად – 11 000 კვ.მ; 2018 წელს 12 500 ლარად – 12 501 კვ.მ; 2018 წელს 6000 ლარად – 5 000 კვ.მ და 2019 წელს 5 000 ლარად – 4 996 კვ.მ. ამ სოფელში ერთ მიწის ნაკვეთს ოჯახი პირველივე დეკლარაციიდან ფლობს, თუმცა, ზუსტად რომელი ნაკვეთია, ეს გაურკვეველია, რადგან თითქმის ყველა დეკლარაციაში ფართობების შესახებ მონაცემები იცვლება.

ზაზა გულიაშვილი ასევე ფლობს 2 მოძრავ ქონებას. 2012 წელს 5 300 აშშ დოლარად უყიდია 2003 წელს გამოშვებული ავტომანქანა მერსედეს ბენცი; 2016 წელს კი 6 000 აშშ დოლარად უყიდია სასოფლო-სამეურნეო მოტორიზებული ტექნიკა, ბორბლიანი ტრაქტორი ”iseki”.

დეკლარაციის შევსების დღეს ქარელის მერს “თი-ბი-სი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 912,28 ლარი ედო, ხოლო ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე 7 929,51 ლარის დავალიანება ჰქონდა. მეუღლეს, მარიამ გულიაშვილ-იმერლიშვილს, “თი-ბი-სი ბანკი” ვიზა გოლდის ანგარიშზე 363,23 ლარი ედო, ხოლო ამავე ბანკის ანაბარზე – 165 ლარი.

გულიაშვილს 2 სახის სესხი აქვს გამოტანილი “თი-ბი-სი ბანკიდან”.  2020 წელს გამოუტანია 153 000 ლარის აგროგირაოიანი სესხი, რომელიც 2027 წელს უნდა დაფაროს. ვალის დასაფარავად 2021 წელს 37 009,22 ლარი გადაუხდია; ასევე 2020 წელს გამოუტანია 20 000 ლარის შეღავათიანი აგროკრედიტი, რომლის დაფარვის თარიღად მითითებულია 2021 წლის მარტი. ამ სესხის დასაფარად 2021 წელს 6 511,47 ლარი გადაუხდია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წლისთვის, მითითებული ვადის გასვლის დროს, ვალის სრულად დაფარვა არ მომხდარა. თუმცა, აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ წინა წლის დეკლარაციაში ამ სესხის დაფარვის თარიღად 2022 წელია მითითებული და ამდენად, ვალის დასაფარავად განსაზღვრული დრო ამოწურული არის თუ არა, გაურკვეველია.

დადებული და მოქმედი ხელშეკრულების გრაფაში ასევე აღნიშნულია, რომ ქარელის მერს 2016 წელს ბინათმშენებლობისთვის 31 550 ლარი გადაუხდია საჯარო რეესტრში. ხელშეკრულების ვადა 2023 წლის მაისამდეა. ბინა სად შენდება, ან სხვა დეტალები, ცნობილი არ არის.

ზაზა გულიაშვილი, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს, 2021 წელს ამ თანამდებობიდან რა ანაზღაურება მიიღო, ამის ჩაწერა, რატომღაც, გამორჩენია. სანაცვლოდ, არ დავიწყებია და დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მას საკუთარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე მოყვანილი პროდუქციის რეალიზაციიდან 2021 წელს 90 000 ლარის შემოსავალი მიუღია.

ქარელის მერის ოჯახი სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული არ არის, არ ფლობს ფასიან ქაღალდებს და არ მიუღია იმ ფასის საჩუქარი, რაც დეკლარაციაში უნდა ჩაწერილიყო.

ზაზა გულიაშვილს პირველი დეკლარაცია 2013 წელს აქვს შევსებული, მას შემდეგ, რაც ქარელის პოლიციის სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილედ დაინიშნა. მაშინ დეკლარაციაში ოჯახის წევრებად მეუღლე და ორივე შვილი ჰყავდა მითითებული და მხოლოდ 3 უძრავ ქონებას ფლობდა.

56 კვ.მ ბინას თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე, 12 500 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და 93 კვ.მ საცხოვრებელ სახლს სოფელ ბრეთის მეურნეობაში. პირველ დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია სესხის შესახებ ინფორმაცია და სხვა არაფერი. დანარჩენი ფურცლები ცარიელია. გაურკვეველია, გულიაშვილი შს სამინისტროს მაღალ თანამდებობაზე დანიშვნამდე მუშაობდა თუ არა და ჰქონდა თუ არა შემოსავალი – ეს დეკლარაციაში აღნიშნული არ არის.

2014 წლის დეკლარაციაში უძრავი ქონება უცვლელია. ოჯახი 3 უძრავ ქონებას ფლობს. 2015 წლის დეკლარაციაში უძრავი ქონება ისევ სამია, თუმცა, ფართობები იცვლება. მაგალითად, თბილისის ბინის ფართობი 56 კვ.მ-დან 47,30 კვ.მ-მდე იკლებს, ხოლო სოფელ ბრეთის მეურნეობაში 12 500 კვ.მ ნაკვეთის ფართობი გაორმაგებულია და 25 000.00 კვ.მ-მდეა გაზრდილი. 2016 წლისთვის ეს ნაკვეთი კიდევ უფრო გაზრდილია და ახლა უკვე 40 000.00 კვ.მ-ია. 2017 წლის დეკლარაციით ვიგებთ, რომ ოჯახს ეს ნაკვეთი 6000 ლარად 2000 წელს უყიდია (ცნობისთვის, ბოლო დეკლარაციაში ამ მონაცემებით არცერთი ნაკვეთი არ წერია). 2017 წლის დეკლარაციაში ოჯახს ემატება თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე, 80,9 კვ.მ ბინა, რომელიც 2016 წელს 31 500 აშშ დოლარად უყიდია. ეს ქონება ბოლო დეკლარაციაში აღარ წერია. გაყიდა თუ სრულწლოვანი შვილის სახელზე გადააფორმა, გაურკვეველია. 2017 წლისთვის ოჯახს 4 უძრავი ქონება აქვს.

2018 წელს სოფელ ბრეთის მეურნეობაში ნაკვეთის ფართობი ისევ გაზრდილია და ახლა უკვე 49 000 კვ.მ-ია. ყიდვის წელი და ფასი კი უცვლელია. ამავე სოფელში ოჯახს ემატება კიდევ ერთი ნაკვეთი – 136,2 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც 2017 წელს 10 000 აშშ დოლარად უყიდია შეღავათიანი აგროკრედიტის მესამე კომპონენტის ფორმით. ამჯერად ოჯახი უკვე 5 უძრავი ქონების მფლობელია. 2019 წლის დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ წინა წელს ოჯახს სოფელ ბრეთის მეურნეობაში 10 000 ლარად კიდევ 18 506 კვ.მ მიწის ნაკვეთი უყიდია. 2020 წელს ემატება თბილისში, ჭყონდიდელის ქუჩაზე ნაყიდი 78,8 კვ.მ ბინა და ოჯახს უკვე 7 უძრავი ქონება აქვს. 2021 წელს მხოლოდ ერთი ცვლილებაა – 2000 წელს ნაყიდი 49 000 კვ.მ ნაკვეთი სოფელ ბრეთის მეურნეობაში უკვე 47 500 კვ.მ-მდე მცირდება. სხვა დანარჩენი უცვლელია.

დიდი ცვლილებებია უკვე ბოლო, 2022 წლის დეკლარაციაში. 7-ის ნაცვლად ოჯახს 12 უძრავი ქონება აქვს. მათ შორის, ქრება თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე არსებული 80,9 კვ.მ ბინა. სად წავიდა ეს ქონება, აღნიშნული არ არის; იცვლება თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე 47,3 კვ.მ ბინის ფართობი. აღნიშნულია, როგორც ბინა 13,3 კვ.მ-ია, თუმცა, ეს შეიძლება ჩაწერის დროს დაშვებული შეცდომაც იყოს, თუმცა, დეკლარაციას შესწორება არ ახლავს; ასევე ემატება ავტოსადგომი თბილისში; უცვლელია თბილისში ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარე ბინის მონაცემები; ოჯახს ემატება სოფელ სასირეთში 7509 კვ.მ ნაკვეთი, რომელიც 2018 წელს 3500 შშ დოლარად უყიდია და ამის შესახებ რატომღაც მხოლოდ 2022 წლის დეკლარაციით ვიგებთ; უცვლელია თბილისის მეორე ბინის მონაცემები. რაც შეეხება სოფელ ბრეთის მეურნეობაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, წინა წელთან შედარებით, 4 უძრავი ქონებით მეტი აქვს, თუმცა, მხოლოდ მემკვიდრეობით მიღებული 93,24 კვ.მ ბინის მონაცემებია უცვლელი, დანარჩენი მიწის ნაკვეთების შეძენის წელი, ფასი და ფართობი განსხვავებულია. საბოლოოდ, სოფელ ბრეთის მეურნეობაში ძველი და ახალი ნაკვეთების მონაცემები ასეთია: 4996 კვ.მ; 12500 კვ.მ; 12500 კვ.მ; 5000 კვ.მ; 4000 კვ.მ; 11000 კვ.მ; 12500 კვ.მ.

რაც შეეხება ზაზა გულიაშვილის შემოსავლებს. ქარელის მუნიციპალიტეტში თანამდებობაზე დანიშვნამდე ის შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქარელის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და 2013 წლის პირველ ნახევარში 17 979.35 ლარის ანაზღაურება მიუღია.

აგვისტოდან ის უკვე ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელია და 2013 წლის აგვისტო-დეკემბერში 26 671 ლარის ანაზღაურება აქვს მიღებული. 2014 წელს კი – 21 200 ლარი მიუღია.

2014 წლის მეორე ნახევარში ის მუნიციპალიტეტის გამგებლად აირჩიეს და დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ გამგებლის თანამდებობიდანაც 2014 წელს 21 200 ლარის ანაზღაურება მიიღო. 2015 წელსაც, მთელი წლის ხელფასშიც ზუსტად იგივე თანხაა მითითებული – 21 200 ლარის ანაზღაურება;  2016 წელს კი წერია, რომ  38 425 ლარის ანაზღაურება აქვს მიღებული.

2017 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე გულიაშვილს, როგორც ქარელის მუნიციპალიტეტის ჯერ გამგებელს, შემდეგ კი – მერს (სახელწოდების ცვლილება კანონმდებლობით ამ წელს მოხდა) მიღებული აქვს 36 618,18 ლარის ანაზღაურება. 2018 წელს მას მერის თანამდებობიდან 38 635,71 ლარის შემოსავალი მიუღია; 2019 წელს – 39 600 ლარი; 2020 წლის ხელფასის გრაფაში წინა წლის მონაცემებია დაკოპირებული, ისე, რომ წელიც არ არის შეცვლილი და წერია, რომ 2019 წელს 39 600 ლარის ანაზღაურება აქვს მიღებული.

ზაზა გულიაშვილს დეკლარაციებში სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავალიც აღუნიშნავს. მაგალითად, 2015 წელს 50 000 ლარის შემოსავალი მიუღია; 2016 წელს – 38 000 ლარი; 2017 წელს – 30 000 ლარი; 2018 წლს – 38 000 ლარი; 2019 წელს – 41 000 ლარი; 2020 წელს – 75 000 ლარი; 2021 წელი – 90 000 ლარი.