ზუგდიდის მერობის ყოფილ კანდიდატს ზუგდიდში საცურაო აუზის აშენება სურს

1047

სტატიის გაგრძელება

“ბაიას” საფეხბურთო ბაზის ტერიტორიაზე ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტს და ზუგდიდის მერობის ყოფილ კანდიდატ ზვიად სიჭინავას ევროპული სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა სურს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

სიჭინავამ ნებართვისთვის მერიას უკვე მიმართა და ესკიზიც წარუდგინა, ახლა კი პასუხს ელოდება. მისი თქმით, აუზის მშენებლობი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვისა და მოქალაქეებისთვის საჭირო სერვისების შეთავაზებისთვის სურს, რომელიც მოთხოვნის მიუხედავად ადგილობრივებს აკლიათ.

სიჭინავას განცხადებით, მშენებლობას საკუთარი ხარჯებით გეგმავს, კომპლექსი კი მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება. აუზი იქნება ბაზის შიდა ტერიტორიაზე, ოღონდ დამოუკიდებელი შესასვლელით. პროექტზე მუშაობა მალე დასრულდება. მანამდე გეოლოგიური კვლევა უკვე ჩაატარეს და ის მოგვიანებით გასაჯაროვდება.

“რაც საჭიროა აუზის ასაშენებლად, ყველა ინფორმაციას ვაგროვებთ. კომისიებს გავივლით და 20 ივნისს მერიას საბოლოო ვარიანტს მივაწვდით. ეს იქნება ევროპული სტანდარტის. არა საშეჯიბრო. აქ იქნება ორი აუზი. ერთი სტანდარტის – 25/12,5-ზე, მეორე 6/18-ზე – საბავშვო-სასწავლო აუზი გამაჯანსაღებელ ჯაკუზთან ერთად. ექნება თავისი საუნა და ჰამამი”, – განმარტა ზვიად სიჭინავამ.

მისი თქმით, სერვისი ხელმისაწვდომი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ამბობს, რომ აუზი კონკურენციას გაუწევს იმ აუზს, რომლის მშენებლობაც ყოფილი პიონერთა პარკის ტერიტორიაზე იგეგმება. ასევე, ჯიჯი გიმნაზიის აუზს. შესაბამისად, სერვისსაც 25%-ით იაფად შესთავაზებენ მომხმარებლებს.

ზვიად სიჭინავა ამბობს, რომ ბაიას ბაზის ტერიტორიაზე მას კრივის დარბაზის მშენებლობაც სურს. უნდა ეს ტერიტორია მთლიანად სპორტულ კომპლექსად სურს ჩამოაყალიბოს, და არა ისე, რომ აქ მხოლოდ საფეხბურთო სივრცე იყოს. მას მერიისგან თანხმობის იმედი აქვს.

მერიაში ამბობენ, რომ ზვიად სიჭინავას მიერ წარმოდგენილი ესკიზები უკვე მოიწონეს. შემდგომში კი პროექტს განიხილავენ, რომელსაც მისგან ელოდებიან.

აუზის მშენებლობის სურვილი უფრო ადრე რუსეთში მოღვაწე ზუგდიდელმა ბიზნესმენმა, მიხეილ ხუბუტიამაც გამოთქვა, თუმცა მას ადგილობრივმა ხელისუფლებამ უარი უთხრა.