თუ ტაბიძის ქუჩაზე ერთ კვირაში არ გააგრძელებენ მუშაობას, მათთან ხელშეკრულება შეწყდება და დაახლოებით, 140 000 ლარით დავაჯარიმებთ, – ამის შესახებ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა.
“ტაბიძის ქუჩაზე გამოცხადდა ტენდეტი. მოიგო შპს “ჯეო სერვისმა”, რომელმაც დაიქირავა ქვეკონტრაქტორი “ელბი გრუპი”. მერიამ კომპანიას ავანსის სახით 230 000 ლარი გადარიცხა. მიმდინარეობდა სამუშაოები, მაგრამ რამდენიმე დღის წინ შეწყვიტეს მუშაობა. “ჯეო სერვისმა” არ ჩაურიცხა ქვეკონტრაქტორს თანხა და შეწყდა მუშაობა. მერიას აქვს მოლაპარაკება, თუ არ გააგრძელებენ მუშაობას, მათთან ხელშეკრულება შეწყდება და დაახლოებით, 140 000 ლარით დავაჯარიმებთ”, – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
მისი თქმით, სამუშაოების ვადებში დასასრულებლად ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები მიდის და შესაძლოა, ამ მიზნით ახალი ტენდერი გამოცხადდეს.
ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოები მარტში დაიწყო და 3 თვეში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ქუჩაზე რამდენიმე დღეა, რაც სამუშაოები ხელფასების გადაუხდელობის გამო შეწყდა.