ზუგდიდის ვიცემერის პოსტზე 4 კანდიდატი განიხილება

1094

ლაივპრესის” ინფორმაციით, ზუგდიდის ვიცემერის პოზიციაზე ოთხი კანდიდატი განიხილება. ერთ-ერთია მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნინო სხულუხია.

მისი თქმით, ამის შესახებ მან “ლაივპრესისგან” შეიტყო: “მე ვიქნები იმ პოზიციაზე და დავთანხმდები იმ პოზიციას, სადაც შევასრულებ ჩემს მოვალეობას პირნათლად და კვალიფიციურად. ეს იქნება უფროსი სპეციალისტი თუ სხვა პოზიცია, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია ჩემი საქმე გავაკეთო კარგად”.

კიდევ ერთი შესაძლო კანდიდატია დავით ვერავა. ის საკრებულოს არჩევნებში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო “ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატებიდან”. ვერავა ირაკლი ჩიქოვანის ახლო ნათესავია, რომელიც “ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. დავით ვერავა “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის შესარჩევ პრაიმერშიც მონაწილეობდა. ამბობს, რომ მასთან ამ საკითხზე არავის უსაუბრია. ვერავას განმარტებით, შემოთავაზების შემთხვევაში დათანხმდება.

“ლაივპრესის” ინფორმაციით, ვიცემერის თანამდებობაზე ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “კონსერვატორების” თავმჯდომარის მოადგილე, კონსტანტინე კაკავაც განიხილება. თუმცა ამბობს, რომ მასთანაც ამ თემაზე არავის უსაუბრია. კონსტანტინე კაკავას იმედი აქვს, რომ გიორგი შენგელია ღირსეულ გუნდს ჩამოაყალიბებს, რომელთან ერთადაც მუნიციპალიტეტი მისი მმართველობის პირობებში თვისობრივად განახლდება ინფრასტრუქტურული, თუ სხვა მიმართულებით.

“ლაივპრესის” ცნობით, ვიცემერის პოზიციაზე კონსტანტინე უბერის კანდიდატურაც განიხილება, რომელიც აქტიურად ჩანდა გიორგი შენგელიას გვერდით წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში.

უბერის თქმით, ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

“ამ ეტაპზე არ მინდა არანაირი კომენტარის გაკეთება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და შემდეგ შეგვიძლია უფრო დეტალურად ვისაუბროთ”, – ამბობს კონსტანტინე უბერი.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის საკრებულომ ახლადარჩეული მერის გიორგი შენგელიას უფლებამოსილება გუშინ ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ცნო.