სანდრა რულოვსი: ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, ეს სპეცოპერაცია იყო. ივანიშვილი არჩევნებით არ წავა

819

“ივანიშვილი არჩევნებით არ წავა”, – ეს განცხადება სანდრა რულოვსმა მხარდამჭერებთან და ჟურნალისტებთან გამოსვლისას განაცხადა, თუმცა, არ დააზუსტა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რევოლუციას დაიწყებს. მისი თქმით, ტერმინოლოგია მოგვიანებით დაზუსტდება.

“ფოერვერკების და სიგნალების მიუხედავად, ჩვენ არ ვაღიარებთ მათ გამარჯვებას. ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო სუსის და კრიმინალების ერთობლივი სპეცოპერაცია ზუგდიდში. ისინი რომ ზეიმობენ, ზეიმობენ იმას, რომ ხალხი დამარცხდა, გააგრძელებენ ტერორს და ჯიბეების გასქელებას, რაც ჩემთვის, ჩემი პარტიისთვის და იმ 12 პარტიიისთვის, ვინც მხარს მიჭერს, მიუღებელია”, – განაცხადა რულოვსმა.

მან ყველა ზუგდიდელს, ვინც მხარი დაუჭირა, მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი შედეგები ჯერ არ იცის, ამომრჩეველთა ნახევარმა მას დაუჭირა მხარი.

რულოვსი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ამბობს, რომ ზუგდიდიდან დაიწყება ხალხის გამარჯვება. “ეს იქნება ლოზუნგი და ყველა ქალაქში, სოფელ-სოფელ, ქუჩა-ქუჩა ვივლით და გავაგებინებთ ხალხს, რომ ივანიშვილის მმართველობა ანტისახელმწიფოებრივია. ჩვენ სხვანაირი საქართველო გვინდა, უფრო ლამაზი და სამართლიანი. ამიტომ ჩვენი ბრძოლა გრძელდება”, – განაცხადა რულოვსმა.

მისი თქმით, დაელოდებიან ოფიციალურ შედეგებს და შემდეგ სამოქმედო გეგმას გამოაცხადებენ. “კი ამბობს მმართველი პარტია, რომ მოიგო, მაგრამ შედეგები ჯერ ცნობილი არაა. თუ მეორე ტური გამოცხადდება, მე მზად ვარ, ამოღებული ხმლით გავაგრძელო ბრძოლა. მაგრამ თუ საოლქო საარჩევნო კომისია იტყვის, რომ გეგა შენგელიამ მოიგო, მაშინ ჩვენი ბრძოლა უფრო გაფართოვდება”, – განაცხადა რულოვსმა.

მეუღლის მოწოდებას ეთანხმება მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ მისი მხარდამჭერები მანამ არ უნდა გაჩერდნენ, სანამ ივანიშვილს არ დაამარცხებენ.

ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამაც, რომელიც რულოვსის და სააკაშვილის განცხადებებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება არ შეიძლება.