გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი: მარნეულის თითქმის ყველა უბანზე დარღვევები ფიქსირდება

965

გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი აგირ მუსტაფაევი აცხადებს, რომ დარღვევებს პარტიის დამკვირვებლები მარნეულის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა უბანზე აფიქსირებენ. მისი თქმით, ბევრია ისეთი ფაქტი, როცა გადასატანი ყუთებით იმ ხალხს მიაცემინეს ხმა, ვინც სიაში არ არის. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ამომრცევლის მოსყიდვაზეც საუბრობს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

“სოფელი აღმამედლოში, N77 უბანის შესასვლელთან დგანან ქართული ოცნების კოორდინატორები სიებით და თანხას აძლევენ ხალხს. ამომრჩევლებზე, რომლებიც მოსყიდვაზე არ მიდიან, ისინი ზეწოლას ახდენენ და ემუქრებიან“, – ამბობს აგირ მუსტაფაევი.

რადიო “მარნეულის“ კითხვაზე, რა სახის მტკიცებულებას ფლობს პარტია, მერობის კანდიდატი პასუხობს, რომ ამ მოსყიდვის ამსახველი ფაქტი არ აქვთ, თუმცა, კონკრეტულად სოფელ აღმამედლოში, მათი ჩარევის შემდეგ კოორდინატორები ტერიტორიას მოშორდნენ, თუმცა ახლომახლო იმყოფებიან.

აგირ მუსტაფაევის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლებმა უკვე ბევრი დარღვევა გამოავლინეს, რაზეც საჩივრები დაიწერა.