გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას“ ინფორმაციით, ზუგდიდში ცალკეულ უბნებზე ტელეკომპანია “იმედის“ ბეიჯით იმყოფებიან კონკრეტული პირები, რომლებიც ამომრჩევლების ვიდეოგადაღებას ახორციელებენ. როგორც ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ეს კანონდარღვევაა და რამდენიმე პირი უკვე გაძევებულია საარჩევნო უბნიდან.
“ჩვენ პატივს ვცემთ ჟურნალისტურ საქმიანობას, მაგრამ გარკვეული პირები „იმედის“ ბეიჯებით იმყოფებიან უბნის ხმის მიცემის ოთახში და ახდენენ ვიდეოგადაღებას ყველა იმ ადამიანის, ვინც უბანზე შემოდის. პრობლემა გახლავთ ის, რომ ეს ადამიანები იმყოფებიან სათანადო კანონმდებლობით დადგენილი აკრედიტაციის გარეშე, რაც კანონდარღვევაა. ბევრი მათგანი გამოძევებულია გამოძევების ოქმით, თუმცა საოლქო კომისიას მივმართავთ, რომ ამაზე გააკეთონ მკაფიო განმარტება და მისცენ საოლქო საარჩევნო კომისიებს მითითება, რომ ყველა ასეთი კანონდარღვების შემთხვევაში მოახდინონ ადეკვატური რეაგირება და ამ ადამიანებს დაატოვებინონ ხმის მიცემის ოთახები იქ, სადაც მიმდინარეობს კენჭისყრის პროცედურა“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.