მარნეულში, სადახლოს 31-ე საუბნო საარჩევნო კომისიის ეზოში დაპირისპირება მოხდა. როგორც ჟურნალისტებს სააგენტო “ნიუს სფეისის” დამკვირვებელმა, ტახირ ალიევმა განუცხადა, მას 6 ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
“სხვა უბნის წარმომადგენელი მოიყვანეს, რომ აქ ხმა მიეცა. ამის წინააღმდეგ წავედი, ამის მერე სახეში დამარტყეს. პოლიციაში დავრეკე”, – განაცხადა ალიევმა.
აღნიშნულ ფაქტს უარყოფს “საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველოს” წარმომადგებელი მაზახირ გოიიუსუბოვი. მისი თქმით, პროვოკაციას ჰქონდა ადგილი.
“ვანდამია თუ ბრუსლი, 5-6 კაცი ცემდა და ფეხზე დგას? ლაპარაკი შეუძლია? ეს არის სპეციალური პროვოკაცია. ხალხი მშვიდად აძლევს ხმას, ეს კაცი ტყუილს ამბობს. კამათიც კი არ ყოფილა”, – განაცხადა მაზახირ გოიიუსუბოვმა.
პროვიკაციაზე საუბრობს “ახალგაზრდული ინიციატივის” წარმომადგენელი გიზო კორტავაც.
“ტიპიური პროვოკაცია იყო, შემთხვევით მოვხვდი იმ ადგილზე, სადაც ეს საუბარი დაიწყო. ტახირ ალიევი ერთ-ერთ რეგისტრატორს ავიწროვებდა იმ მოტივით, რომ კომისიიის წევრი არ იყო და იქ არ უნდა მჯდარიყო. ამის გარკვევას სანამ მოვახდენდით, აღმოჩნდა რომ “ნიუს სფეისიდან” ორი წარმომადგენელი იყო უბანში შემოსული, სთხოვეს ერთ-ერთს უნდა დაეტოვებინა ტერიტორია. ამასობაში ხმამაღალი საუბარი დაიწყო, გარეთ გავიდნენ და იქ რა მოხდა, ვერ გეტყვით. ხმაური ამ კაცის გამოწვეული იყო”, – განაცხადა გიზო კორტავამ.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
ფოტო: რადიო მარნეული