ზუგდიდის 82-ე საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის შედეგების გაბათილებას ითხოვენ (ვიდეო)

786

ზუგდიდის N82-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, კომისიის წევრთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ გადასატან ყუთში რეგისტრაციის კონვერტს ბეჭედი არ ჰქონდა. თუმცა კენჭისყრის პროცედურა გრძელდება. ადგილზე იმყოფებიან საოლქო კომისიის წარმომადგენლები. მათ თქვეს, რომ ეს არანაირი დარღვევა არ იყო. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

მომხდართან დაკავშირებით საჩივარი დაწერა დამკვირვებელმა ქეთევან ჯანჯალიამ. მისი თქმით, საკონტროლო ფურცელს არ ერთვოდა თან ბეჭედი, რაც სხვებმაც დაადასტურეს.

“წავიდა თავმჯდომარე და მეორე საკონტროლო ფურცელს დაარტყა ბეჭედი. ახლა ჩვენ გვაბრალებს, იმათ შეცდომა დამაშვებინესო. ახლა უნდა დავლუქო საარჩევნო ყუთიო. შეიძლება არ იყო საჭირო საკონტროლო ფურცელზე ბეჭდის დარტყმა, მაგრამ ეს უნდა განემარტათ. მან აღიარა ტელევიზიის თანდასწრებით, რომ დაუშვა შეცდომა. ახლა თავის შეცდომას ჩვენ გვაბრალებს. ეს თავმჯდომარემ მიზანმიმართულად გააკეთა, რომ მოხდეს უბნის ჩაშლა”, – აღნიშნა მან.

ქეთევან ჯანჯალის თქმით, მთავარ ყუთში ახლა მოთავსებულია ბეჭედდარტყმული საკონტროლო ფურცელი, რომელიც იდენტურია იმ საკონტროლო ფურცლის, რომელიც თავმჯდომარეს აქვს შენახული. ეს, მისი თქმით იმას ნიშნავს, რომ იქ რამდენი ბიულეტენიც ჩავარდება, ყველა მათგანს იურიდიული ძალა ექნება, როცა ხმების დათვლისას მოხდება ამ ფურცლების შედარება.

ასევე, აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარი დაწერა ბესიკ ექსეულიძემ, დამკვირვებელმა “ქართული ორდენიდან” . მისი განმარტებით, რეალურად დარღვევის არსი იყო ის, რომ გადასატან და ძირითად საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლები არაა იდენტური. კერძოდ, გადასატან ყუთში ფურცელს არ აქვს ბეჭედი.

“ეს არის კანონდარღვევა, რაც მეტყველებს, რომ გადასატანი ყუთის შედეგები უნდა გაბათილდეს. სამი საკონტროლო ფურცელია, რომელიც რჩება თავმჯდომარეს და იმის იდენტური უნდა იყოს გადასატან და ძირითად საარჩევნო ყუთში მოთავსებული ფურცლები”, – აღნიშნა მან.

უბნის თავმჯდომარე მამუკა კუტალია ამბობს, რომ დარღვევა არ მომხდარა, ამიტომ გადასატანი ყუთის ამომრჩეველი ჩვეულებრივ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.

გადასატან ყუთში 82 უბანზე 31 ამომრჩეველია. ეს ის უბანია, სადაც ხმას გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი აძლევს.