ქართული ოცნება: ოპონენტები ცდილობენ ზუგდიდი დაძაბულობის ცენტრად აქციონ

933

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას საარჩევნო შტაბში შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ოპონენტები ყველაფრის ფასად ცდილობენ, რომ ზუგდიდი დაძაბულობის ცენტრად აქციონ.

“არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, მათი ქმედებები განსაკუთრებით გამძაფრდა. სრულიად აბსურდული მიზეზებით, ისინი თავს ესხმოდნენ, აქციებს უწყობდნენ საოლქო კომისიას და იქ მომუშავე ადამიანებს ნორმალურად მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. ჩვენი ინფორმაციით, არჩევნების ჩაშლისა და არეულობის მოწყობის მიზნით, მათ ცნობილ ზონდერ-ლიდერებს სრული მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ზუგდიდში, ასობით ზონდერ-აქტივისტი ჩაჰყავთ. მოგეხსენებათ, მათ ღიადაც განაცხადეს, რომ ზუგდიდში 5 000 აქტივისტის მობილიზებას აპირებენ. ჩვენი ინფორმაციით, ისინი სხვადასხვა საფარქვეშ, დამკვირვებლის სტატუსით, საარჩევნო უბნებზე 3 000 აგრესიული პირის ჩანერგვას გეგმავენ, რომელთა რეალური დავალება არა საარჩევნო პროცესზე დაკვირვება, არამედ მისი ჩაშლაა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მან ასევე მოუწოდა მედიასაშუალებებს, რომ გადაამოწმონ ინფორმაცია.

“ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას თუ სხვა ორგანიზაციებს, რომ განსაუთრებული ყურადღება მიაქციონ ინფორმაციის გადამოწმებას და უაღრესი პასუხისმგებლობით მივუდგეთ ამ საკითხს უახლოესი დღეების მანძილზე. ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოსახლეობას ჰქონდეს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა. ქართული ოცნების პრესცენტრი იმუშავებს 24 საათიან რეჟიმში ორგანიზებულად, რომ ყველა ცრუ ინფორმაციის შესახებ დროულად მოხდეს საზოგადოების ინფორმირება. გარანტიას გაძლევთ, რომ დეზინფორმაციის გავრცელებისა და არეულობის მოწყობის რა მცდელობაც არ უნდა ჰქონდეს ნაციონალურ მოძრაობას, სახელმწიფო თავის სიმაღლეზე დგას და არავის მისცემს დესტრუქციის საშუალებას“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.