მოვუწოდებთ დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებს, მიმართონ სამართლებრივ მექანიზმებს თუ ხედავენ, რომ ადგილი აქვს რაიმე კანონდარღვევას და არასწორ ქმედებას. იხელმძღვანელონ და იმოქმედონ კანონით გათვალისწინებული მექანიზმებით და არა იმ ხერხებით, რასაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, – ამის შესახებ ცესკო-ს სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა, გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა.
მისი განმარტებით, ამ არჩევნებისთვის საკმაოდ დიდი ინტერესი გამოხატა სამოქალაქო საზოგადოებამ და დამკვირვებელთა უმეტესობა სწორედ, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქშია მობილიზებული.
“სხვადასხვა ორგანიზაციების, დაახლობით, 6 000-ზე მეტი დამკვირვებელია რეგისტრირებული. 5 000-ზე მეტი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები არიან დარეგისტრირებული, რათა დააკვირდნენ მიმდინარე რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებს.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რასაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვაკვირდებით და ვხედავთ. ამ დამკვირვებლების და წარმომადგენლების უმეტესობა მობილიზებული არიან ზუსტად, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში. დღესაც და წინა დღეებშიც ჩვენ გვქონდა ფაქტები, რასაც ფართო საზოგადოება ტელევიზიის საშუალებით დააკვირდა, რომ მცდელობა არის ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობას ხელი შეეშალოს. არამხოლოდ მუშაობას, არამედ კომისიის სხდომებზე განსაკუთრებული აქცენტია იმისთვის, რომ კომისიას შესაძლებლობა არ ჰქონდეს სრულად წარმართოს ის პროცედურები, რომელსაც საარჩევნო კანონმდებლობა ამ მიმართულებით ითვალისწინებს“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.