ოპოზიცია: ხელისუფლებამ ჯიხაშკარის უბნის დამრბევი ჩამოიყვანა

846

ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ პროვოკაციის მოსაწყობად 2016 წლის პარლამენტის არჩვენებში ჯიხაშკარის საარჩევნო უბნის დარბევაში მონაწილე გია მხეიძე ჩამოიყვანა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“გია მხეიძის ჩამოყვანა დღეს ზუგდიდში, განსაკუთრებით იმ დაძაბულ ვითარების ფონზე, რომელიც არის შექმნილი წინასაარჩევნოდ, მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ძალადობა საარჩევნო უბნებზე, ძალადობა ადამიანების ნებაზე და ასევე, გია მხეიძის აქ ყოფნა, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილის აქ ყოფნა, მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ “ქართული ოცნების“ განცხადებები ზვიად გამსახურდიას ხსოვნის პატივისცემაზე, მისი მუზეუმების აგებაზე და სხვა ღონისძიებებზე, არის სიყალბე და ფარისევლობა. გია მხეიძე მოხსენიებულია არაერთგზის იმ საპარლამენტო კომისიის დასკვნაში, რომელსაც უძღვებოდა მოკლული პრეზიდენტის ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია“,- განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადების საპასუხოდ, უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციამ უნდა წარმოადგინოს ვიდეომტკიცებულებები და მიმართოს სამართლადამცავებს.

“რაც შეეხება მხეიძეს და სხვა ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც დღეს არის ზუგდიდში, რომელიც ზუგდიდის არჩევნებით კანონიერად არის დაინტერესებული, აქ არის ჩაწერილი და ხმას აძლევს და კამპანიაში მონაწილეობს, თუ “ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წარმომადგენელს აქვს რაიმე კონკრეტული მტკიცებულება, რაიმე ლეგიტიმური პრეტენზიები ნებისმიერ ადამიანთან, იციან, რომ ამ შემთხვევაში მიმართონ შესაბამის სტრუქტურებს და თუ ამას ვერ აკეთებენ და ვერ მიმართავენ შესაბამის სტრუქტურებს, მაშინ ელემენტარულად ის მაინც უნდა გააკეთონ, რომ მტკიცებულებები უნდა გაასაჯაროვონ, რაზეც ხედავთ, რომ ხელისუფლება მყისიერ რეაგირებას, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯიხაშკარში 79-ე საარჩევნო უბნის დარბევის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გია მხეიძე 2016 წელს დააკავა.

ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარის 79-ე საარჩევნო უბანი გაუქმდა დარბევის შედეგად. საუბნო კომისიის წევრის “ნაციონალური მოძრაობიდან”გულნარა ბენდელიანის განცხადებით, კენჭისყრის ოთახში შემოვარდა ამ სოფლის მკვიდრი ვინმე გია მხეიძე შვილთან და თანამოაზრეებთან ერთად. მათ ყუთები დაამტვრიეს და საარჩევნო ბიულეტენები ძირს დაყარეს. კომისიის წევრის თქმით, მხეიძე იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ ამ უბანზე “ნაციონალური მოძრაობა” იმარჯვებდა.

თავის მხრივ გია მხეიძე “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ პარტიის მიერ მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები სიცრუეა და მათ მიერ განხორციელებულ ცილისმწამებლურ კამპანიას სამართლებრივად უპასუხებს.

გია მხეიძის მტკიცებით, ის ჯიხაშკარის მკვიდრია და შესაბამისად ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სპეციალურად არჩევნებისთვის ჩაიყვანეს, აბსურდულია.