ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე: დაამტკიცოს ოპოზიციამ ჩემი მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაული

720

წინა სტატია

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის განცხადებით, კომისიის წევრები უბნებიდან მობრუნებულ ამომრჩეველთა სამაგიდო სიებს ამოწმებენ. დაინტერესებულ პირებს, როგორც აღნიშნა, ამ პროცესზე დაკვირვების საშუალება აქვთ. მისივე განმარტებით, ოპოზიციას მიმდინარე ქმედებების მიმართ ინტერესი არ აქვს, არც არავინ შემოსულა მათგან და დაკვირვებია პროცესს. თუმცა სიები სწორედ მეტი სანდოობის და გამჭვირვალობის მიზნით მოაბრუნეს. მესხის თქმით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ სინამდვილეში სამაგიდო სიები “თემად ააგორეს”შემდეგ კი მიატოვეს და  ბეჭდების საკითხზე გადავიდნენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

რაც შეეხება რეგისტრატორის და უბნის ბეჭდებს, ოლქის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ცესკოდან ახალს მიიღებენ და მათი დალუქვის და რეკვიზიტების შესაბამისობაში მოყვანის პროცესს, თუ როგორ გასცემენ, დაესწრება ყველა დაინტერესებული პირი კომისის წევრებთან ერთად.

მირანდა მესხმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კანონი არ დაურღვევია და დასძინა, თუ ოპოზიცია მის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს, უნდა დაამტკიცონ და ალბათ დაამტკიცებენ, რასაც ამბობენ.

“თვითონ ესენი რას აცხადებენ, ეს არის მხარე, მათ პოზიციებში მე ვერ ჩავერევი. შესაბამისად, რა არგუმენტებსაც წამოაყენებენ, დაადასტურებენ ალბათ. თუ სისხლის სამართლის დანაშაულია, შესაბამისად გამოძიება დაინტერესდება. რაც შეეხება ჩემს უფლებამოსილებას, მე ვიტვირთე ეს უფლებამოსილება და განვახორციელებ მას ბოლომდე”, – აღნიშნა მან.

კომისიის წევრის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობდან”, მაია გაწერელიას თქმით, მოტანილი ბეჭდების და სიების გადამოწმების პროცესში მონაწილეობს და ამ ეტაპზე დარღვევა არ დაუფიქსირებია.

“დარღვევა იყო ის, რომ დროზე ადრე დაიწყო სამაგიდო სიების გაცემა და არ იყო ამომრჩევლის პირადი მონაცემები დაცული. დღეს ჯერჯერობით დარღვევა არ დაფიქსირებულა. მუშაობის პროცესში ვართ. დაახლოებით 50-მდე უბანზე იყო გაცემული სამაგიდო სია”, – განმარტა მაია გაწერელიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წინ გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ოლქის თავმჯდომარის მირანდა მესხის გათავისუფლებას და მის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვდნენ. ოპოზიციამ განმარტა, რომ ხმების მოპარვის უფლებას არავის მისცემენ და თუკი გაყალბება მოხდება, აქციებს განაგრძობენ.

ბრალდებებს უარყოფენ როგორც ოლქში, ისე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ცესკოს განმარტებით, მირანდა მესხს კანონი არ დაურღვევია. რაც შეეხება რეგისტრატორის ბეჭედს, სპეკულაციების მიზეზით მას შეცვლიან.