გაერთიანებული ოპოზიციის ინფორმაციით, ზუგდიდის მერის არჩევნებისთვის გახსნილ უბნებზე სხვადასხვა სახის დარღვევაბთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიას უკვე 70 საჩივარი შეიტანეს. მათივე ცნობით, არცერთ მათგანზე საოლქო კომისია რეაგირებას არ ახდენს. ინფორმაციას ლაიპრესი ავრცელებს.
გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში გუშინ გამართულ პრიფინგზე ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი, რომელიც ცესკოს ხელმძღვანელებთან არის ნათესაურ კავშირში, საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსად მერის არჩევნებს აყალბებს და ასრულებს რა ცესკოს დავალებებს.
ოპოზიციის შტაბის წარმომადგენლის სიტყვებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მთელი დღის განმავლობაში არ იმყოფებიან უბანზე, რაც კანონდარღვევაა.
“პრაქტიკულად ყველა საარჩევნო უბანი მთელი დღის განმავლობაში არის დაკეტილი. ჩვენ გადმოგცემთ კონკრეტულ ინფორმაციას კონკრეტული უბნების მიხედვით და კონკრეტული პირების მიხედვით, რომლებიც არ იმყოფებიან უბანზე, არადა კანონი ავალდებულებს მათ იმყოფებოდნენ საარჩევნო უბანზე“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
ამასთან, ბეჭაშვილმა დაასახელა რამდენიმე საარჩევნო უბანი, რომლის კომისიის თავმჯდომარეები და წევრები, მისი თქმით, ღიად უჭერენ მხარს მმართველი პარტიის მერობის კანდიდატს.
როგორც გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, საოლქო საარჩევნო კომისია მათი საჩივრების განხილვას არჩევნების დასრულებამდე არ აპირებს, რაც მათივე თქმით, გაყალბებისთვის მზადებაზე მიუთითებს.
ბრიფინგზე გაერთიანებულმა ოპოზიციამ ჟურნალისტებს საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით ვიდეოც წარუდგინა.