ზუგდიდში განაშენიანების რეგულირების გეგმის კონცეფციის შესახებ იმსჯელეს.
“კონსულტაციის მთავარი მიზანია დაინტერესებულ პირთაგან მოსაზრებების მიღება და შენიშვნებისა და წინადადებების წარმოდგენა. პროექტის კომპონენტი მუშაობის მეორე ეტაპზეა, რაც მიზნად ისახავს განაშენიანების რეგულირების გეგმის კონცეფციის მომზადებას შერჩეული ტერიტორიისთვის”, – განმარტეს ზუგდიდის მერიაში.
მათივე ცნობით, 2018 წლის 1 ივლისს, დაძმობილების პროექტის ფარგლებში და პოლონელი ექსპერტების დახმარებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მიეცა შესაძლებლობა შეემუშავებინა და მიეღო განაშენიანების რეგულირების გეგმა კონკრეტული ტერიტორიისთვის (დაახლოებით, 97 ჰექტარი), რომელიც მდებარეობს ქალაქ ზუგდიდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
საჯარო კონსულტაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის “ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით“ ფარგლებში ჩატარდა.
პროექტის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა წარმოადგენს. ამ მიზნით, პოლონეთი-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება განაშენიანების რეგულირების საპილოტე გეგმების მომზადება ორი შერჩეული მუნიციპალიტეტისთვის, რათა შეფასდეს დაგეგმვის არსებული სისტემის ფუნქციონირება ადგილობრივ დონეზე.